გვესაუბრება ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი რომან კაკულია
„პრეზიდენტმა დღეს, ფაქტობრივად, მესამე ძალის შექმნაში თავისი თანამონაწილეობა დააანონსა, რადგან მან ისაუბრა ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლისათვის მისაღებ ენაზე და მათი პოზიციებიდან გამომდინარე“, — ამბობს ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი რომან კაკულია. მისი თქმით, ამომრჩევლის ეს ნაწილი, როგორც ყველასათვის ცნობილია, თითქმის ჩვენი მოსახლეობის ნახევარს შეადგენს და, ამდენად, ამას ახლა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ.
შერიგების აუცილებლობაზე მინიშნება საკმარისი არ არის შეურიგებლობის
მიზეზების დასანახად
„ძალიან შინაარსიანი იყო პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ არსებული პრობლემების კონსტატაცია და ფაქტების აღიარება — რა პრობლემებისგან შედგება ჩვენი დღევანდელი რეალობა, საკმარისი არ არის. მხოლოდ მოწოდება — შევრიგდეთ! — ვერაფერს აკეთებს, რადგან პრეზიდენტი მიმართავს ხალხს, რომელსაც შერიგების რესურსი, ფაქტობრივად, არ გააჩნია.
ახლა რაღაც ახლის თქმა იყო მისგან საჭირო. არსებობს ასეთი ცნება — „ეროვნული მენტალიტეტი“. ისევე, როგორც ადამიანის ინდივიდუალური მენტალიტეტის შესწავლა არის მნიშვნელოვანი, ეროვნული მენტალიტეტიც არსებობს და სწორედ ამ საკითხში გაურკვევლობა, ბოლო 30 წელია უკვე, იწვევს სწორედ იმას, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონენი ერთმანეთთან დიალოგის ფორმებს ვერ პოულობენ და ვერც იპოვნიან, სანამ არ ჩავალთ ამ დაავადების სიღრმეში და არ დავარქმევთ ამ დაავადებას სახელს.
გაერთიანება და დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანებს შორის, რომელთა მსოფლმხედველობრივი პოზიცია არ არის ზეწოლისა და წნეხის ქვეშ, რომლებიც თავიანთი პოზიციით არიან შემოსულნი სადისკუსიო ველზე და აქვთ ესა თუ ის დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ დროის მოცემულ მომენტში. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან დიალოგი, რადგან მათ თავისი პოზიციის შეცვლის რესურსი აქვთ. ადამიანის შესვლას სხვა ადამიანთან დიალოგში მაშინ აქვს აზრი, როცა ის თავისუფალია თავისი პოზიციის ცვლილებაში და მეორე — როცა ცვლილება არ მიგაჩნია რაღაც კატასტროფად და საკუთარი პრინციპულობის რღვევად. მაგრამ, როდესაც ამ დიალოგში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც თავისუფალნი არ არიან თავის არჩევანში, მათ შორის დიალოგი ვერასდროს ვერ დამთავრდება ისეთი დადებითი ფორმით, როგორიც თეორიულად შეიძლება წარმოიდგინო.
ამიტომ ვამბობ, შერიგების აუცილებლობაზე მინიშნება ვერავითარ თვისობრივ ახალ ინტელექტუალურ გარღვევად ვერ შეფასდება შეურიგებლობის მიზეზების თუნდაც საკუთარი ვერსიის არსებობის გარეშე. თავისთავად, თუ შერიგების ინსტრუმენტებზე არა გაქვს წარმოდგენა და უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას აკეთებ, შერიგება წარმოუდგენელია“, — აცხადებს რომან კაკულია, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ საპარლამენტო მოხსენებას საყოველთაო შერიგების თემაზე.
გაიმეორა თუ არა პრეზიდენტმა იგივე შეცდომა, რაზეც ოპოზიციას მან შენიშვნა მისცა?
„თუ პრეზიდენტი პრემიერთან შეუთანხმებლად წავიდა დასავლეთში, თავადაც ხომ არ განახორციელა ამ პერსონალური ვიზიტებით იგივე (თუ არა მსგავსი ქმედება), რაზეც დღეს უარყოფით კონტექსტში ოპოზიციას მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ უნდა იმოქმედონ. პრეზიდენტს ოპოზიციის მსგავსი გამონათქვამები არ გამოუყენებია, მაგრამ თუ იმ ვიზიტებისას, რომლებზეც ის საუბრობდა, ევროპელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ის თავისი და არა სახელმწიფოს ერთიანი პოზიციით გამოდიოდა მათთან, მაშინ არაპირდაპირ, მაგრამ იგივე პოზიცია დაუდასტურებია, რაზეც ოპოზიცია მიანიშებს ხოლმე დასავლეთში. საქციელი იგივე გამოსულა, ფაქტობრივად. ამიტომ „ქართული ოცნების“ პოზიცია მის მიმართ დამოკიდებულებაში, დიდწილად, გასაგებია“, — აცხადებს რომან კაკულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „აღიარებით ჩვენებასთან“ დაკავშირებით, რაც პრეზიდენტის დამოუკიდებლად დაგეგმილ თუ განხორციელებულ ვიზიტებს უკავშირდება ევროპულ ქვეყნებში.