ხალხი ქუჩაში მხოლოდ გულწრფელ პროტესტს რომ გამოჰყავს, ამაში საზოგადოება რამდენჯერმე უკვე დარწმუნდა. უკრაინელი ხალხისადმი მხურვალე სოლიდარობამ მეხუთე დღეა გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური გემოვნების ადამიანები. მეხუთე დღეა რუსთაველზე არა პოლიტიკოსთა შეძახილების, არამედ ერთადერთი ღირებულების — თავისუფლების ნების გასაზიარებლად დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც, ბოლო დროს, ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ გამოჰყავს ქუჩაში. ყვირილითა და მუქარით გახმიანებული გუშინდელი პოლიტიკური ულტიმატუმების ფონზე დღეს თავყრილობამ ისევ მცირერიცხოვანი მიტინგის ელფერი მიიღო და, როგორც ჩანს, ეს არც არავის გაჰკვირვებია…
საინტერესოა, რას ფიქრობს რადიკალური ოპოზიციის ულტიმატუმებზე მწერალი, პარლამენტარი როსტომ ჩხეიძე, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრად თვლის თავს.
— ბატონო როსტომ, როცა მსოფლიო უკრაინაში უსასტიკეს ძალადობას ადევნებს თვალს და ასეთ დროს არც საქართველოა დაცული რუსეთის მორიგი აგრესიისგან, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ქვეყნის პრემიერის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება?
— ეს არის სახალხო მოძრაობა და საზოგადოების დაკვეთა! ეს არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის ან პარტიის მოთხოვნა, ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ მოთხოვნის შესრულება, რათა არ გამწვავდეს ვითარება. ეს მღელვარება არ ჩაცხრება, თუ ეს შედეგი არ დადგა. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებრივი დაკვეთა და უნდა გადადგეს პრემიერ მინისტრი.
— არჩევნები ახალი დამთავრებულია, საგანგებოდ არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა და საინტერესოა — რის საფუძველზე მიიჩნევთ, რომ ეს მოთხოვნები საზოგადოების დაკვეთაა?
— პრემიერის გადადგომას საზოგადოება რომ ითხოვს, ეს ნათლად ჩანს. ეს პროცესი ოპოზიციის მიერ არაა დაწყებული. ძალიან ბევრი ხალხია გარეთ გამოსული და მათ შორისაა ბევრი ის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და შეიძლება ახალ არჩევნებში კვლავ მათ დაუჭირონ მხარი. ასე რომ, სწორედ ეს მაძლევს ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას. მართალია, საგანგებოდ სოციოლოგიური გამოკითხვა არ ჩატარებულა და კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი შთაბეჭდილება ამ ადამიანებთან ურთიერთობებით და გარწმუნებთ, ეს არის საერთო განწყობილება, რომელიც სხვაგვარად არ ჩაცხრება. ეს არის რეალობა. თუ 20 ივნისის გამეორება არ გვინდა, რაც არც საზოგადოებას უნდა და, ალბათ, არც ხელისუფლებას, პრემიერი უნდა გადადგეს, რადგან არავის შეუძლია სახალხო მღელვარებაზე მოახდინოს ისეთი ზეგავლენა, რომ პროცესები შეიყვანოს სხვა კალაპოტში.
— გამორიცხავთ, რომ არეულობის ფონზე რუსეთის აგრესია უფრო რეალური შეიძლება გახდეს?
— რუსეთისთვის სულერთია — აქ ღარიბაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი თუ სხვა. ეს არ გადაწყვეტს რუსეთის ზრახვებს არც უკრაინის და არც საქართველოს მიმართ. მართალია დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ, როგორც გითხარით, შთაბეჭდილების მიხედვით, ასეთი განწყობილება მაქვს.
— გახსოვთ ალბათ, 2008 წლის ომის დროს, მაშინდელმა ოპოზიციამ უარი თქვა პოლიტიკურ ამბიციებზე და სრულად მიანდო ხელისუფლებას ომის დროს მისაღები ყველა გადაწყვეტილება. დღეს რატომ არ იქცევა ოპოზიცია ასე?
— ოპოზიცია არ არის ამ პროცესების წარმმართველი. ამ პროცესებს მართავს საზოგადოების განწყობილება — ეს არის ფაქტი.
— ბატონო როსტომ, თქვენ მწერალი ბრძანდებით და განსხვავებული შინაგანი პასუხისმგებლობის, შინაგანი განცდებისა და ღირებულებების ადამიანად გიცნობთ საზოგადოება. ამიტომ თქვენგან უფრო მეტად მოელიან ქვეყნისთვის სასიკეთო რეაქციებს…
— მე რომ ვიყო ამ პროცესების წარმმართველი, შეიძლება რამე მეთქვა, მაგრამ მე რასაც ვუყურებ ჩემი თვალით, რაზეც ვესაუბრები ადამიანებს, ეს სურათი იხატება. ფაქტია, რომ არ ცხრება მღელვარება. საზოგადოების დაკვეთა ცვლილებაა და დანარჩენი — როგორ მოხდება და რანაირად, ეს უკვე „ოცნების“ გადასაწყვეტია. მე მომწონს თუ არ მომწონს დღევანდელი ოპოზიციური ერთობის მოთხოვნები, ეს ცალკე თემაა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩაცხრება, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.