10 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მახათას პანთეონში დაკრძალეს რეჟისორი ანზორ დოლენჯაშვილი, რომელიც არა მხოლოდ ქართული თეატრის ისტორიას შემორჩება სამშობლოსა და თეატრის სიყვარულისთვის თავდადებულ ადამიანად. მისი პროფესიული აღიარება ასე გამოიყურება: ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მფლობელი. ერთი შეხედვით, ვერ ვიტყვით, რომ ღვაწლი არ დაუფასდა, მაგრამ გზა, რომელიც შემოქმედმა თეატრალური უნივერსიტეტის კედლებიდან სამშობლოს მოწყვეტილ მიწაზე იმედად აღმართული თეატრის კედლებამდე გაიარა, ზედმეტად რთული და სახიფათო აღმოჩნდა. რომ არა ერთგული და მასავით თავგანწირული ადამიანების თანადგომა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეა დაბადებისთანავე, 1974 წელს, იდეადვე დარჩებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქის ერთი ნაცრისფერი შენობის ერთ პატარა ოთახში.
ანზორ დოლენჯაშვილისა და ალიბეგლოს ქართული თეატრის ამბავს ამავე თეატრის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიტერატურული ნაწილის გამგე გულიკო მამულაშვილი გვიყვება.
საინგილოში თეატრის დაარსების იდეა
„აღმოსავლეთმცოდნე ვარ, ირანისტი. ბატონი დოდო ალექსიძე (საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1974-1984 წლებში) ირანისტიკის კათედრის თანამშრომლებისგან გავიცანი და 1974 წელს კომკავშირის მდივნად წამიყვანა თეატრალურ საზოგადოებაში. იმ პერიოდში საინგილოდან ერთი პატრიოტი კაცი ჩამოვიდა, რომელმაც ბატონ დოდოს შესთავაზა სტუდენტებს დაედგათ სპექტაკლი საინგილოში. ამ წინადადებით აღფრთოვანებულმა მესამე კურსის სტუდენტებმა — მანანა კვირკველიამ და მზია მჭედლიშვილმა საკურსო სპექტაკლი დადგეს საინგილოში. ამავე პერიოდში სტუდენტი იყო ანზორ დოლენჯაშვილი, რომელსაც იმ დროისათვის სრულიად მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო სურვილი გაუჩნდა. მას საინგილოში ქართული თეატრის დაარსება მოუნდა და ამ გზაზე პირველ ნაბიჯად საკუთარი სადიპლომო ნამუშევარი აქცია.
მოგეხსენებათ, ისტორიული საქართველო — კახი, ზაქათალა და ბელაქანი იმ დროს საკმაოდ რთულ რეალობაში ცხოვრობდა. გარდა იმისა, რომ იქ ქართველების ცხოვრების პირობები იყო არასახარბიელო, დაანგრიეს ქართული ეკლესია-მონასტრები, მოიშალა წირვა-ლოცვა, ადამიანები საუბრობდნენ ინგილოურ დიალექტზე, რომლის გაგებაც კი ჭირდა უწვრთნელი ყურისთვის. ზაქათალასა და ბელაქანში ქრისტიანები თითქმის აღარ იყვნენ. კახი და, განსაკუთრებით, სოფელი ალიბეგლო ყველაზე ქრისტიანული რეგიონი იყო.
წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში, თბილისში დაბადებული და გაზრდილი სრულიად ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩემთან და საინგილოში თეატრის დაარსების იდეა გამიზიარა. ეს უკვე გმირობა იყო. ეს იყო სამშობლოსათვის თავგადადება, ლამის, გოლგოთის გზა. ცხადია, ამ წინადადების სისრულეში მოყვანა ურთულესი იქნებოდა. მაგრამ ჩავთვალეთ, რომ, თუკი რაიმე თეორიული შანსი მაინც არსებობდა, აუცილებლად გაგვიმართლებდა, რადგან იმ პერიოდში ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი მეგობრობდნენ. თუ შევარდნაძე მოინდომებდა, საქმეც გაკეთდებოდა. ამ წინადადებამ დოდო ალექსიძეც გაახარა და ამბავი გაუზიარა ცენტრალური კომიტეტის მდივანს იდეოლოგიის საკითხებში გურამ ენუქიძეს. იდეა მასაც მოეწონა. რამდენიმე დღეში ბატონი დოდო დაიბარა და შევარდნაძის ნათქვამი გადასცა — „რატომაც არა, მაგრამ ამას ალიევის გარეშე ვერ გადავწყვეტ“-ო. საქმე იმით დასრულდა, რომ 1981 წელს კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დრამატული დასი დაფუძნდა. ეს იყო დასი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აერთიანებდა. ცხადია, ამ საქმეს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. აზერბაიჯანულმა მხარემ დასი არ დააფინანსა. ისევ დოდო ალექსიძეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში რეჟისორის შტატი დაუშვეს. ანზორ დოლენჯაშვილი ხელფასს თბილისში იღებდა და საინგილოში საყვარელ საქმეს აკეთებდა. იქვე დაოჯახდა და 5 შვილი შეეძინა. სხვათაშორის, რომ არა მანანა დოლენჯაშვილი, ანზორს ნამდვილად გაუჭირდებოდა. მანანა მუდამ მხარში ედგა ანზორსაც და თეატრსაც.
გავა წლები და ალიბეგლოს თეატრს ილია ჭავჭავაძის სახელი და სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭება და თეატრის ეზოში ილიას ბიუსტი დაიდგმება. წლების შემდეგ თეატრს საქართველო დააფინანსებს და მეც ლიტერატურული ნაწილის გამგედ დამნიშნავენ“.
თეატრი, ბავშვები და უშიშროების „გაშიფრული“ თანამშრომელი
„ე.წ. 90-იან წლებში, ახალციხეში, ცნობილი რეჟისორი ნანა დემეტრაშვილი ყოველწლიურად ატარებდა ფესტივალს — „თეატრი და ბავშვები“. მაშინ საზღვრები გახსნილი იყო და მიმოსვლა არ ჭირდა. ანზორმა ბავშვები ჩამოიყვანა საინგილოდან, მე თბილისიდან ჩავედი და ისეთი შთაბეჭდილება დავტოვეთ, ფესტივალის დირექტორი მწერდა: — „თეატრი და ბავშვები“ ინგილო ბავშვების გარეშე აღარ ჩავატაროთო. დასი თბილისში კი ხშირად ჩამოგვყავდა, მაგრამ ახლა ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ.
გავიგე, რომ ტანძიაში 3-5 ბავშვისთვის სკოლა იხსნებოდა. მანამდე ტანძიაში სკოლა არ იყო. მე და ანზორმა გადავწყვიტეთ ინგილო ბავშვები ადგილზე ჩაგვეყვანა, რომ მეტი ენახათ და მეტად შეყვარებოდათ სამშობლო. დილით მსახიობის სახლთან ჩავსხედით ავტობუსში. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა და გვთხოვა ტანძიამდე გამოგყვებითო. წავიყვანეთ. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. სპექტაკლზეც დაგვესწრო. მეორე დღეს ისევ მოვიდა ჩვენთან და უკან გამოყოლა ითხოვა. გზად სადილად შევჩერდით. მოვიდა ეს ბიჭი და 50 მანეთი მომაწოდა — ბავშვებს მე გავუმასპინძლდებიო. ვიუარე. მან კი მომიგო: — მე ისეთ საქმიანობას ვეწევი, ადამიანური გულახდილობის უფლება არ მაქვს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უშიშროების თანამშრომელი ვარო. თურმე ჩვენზე დაკვირვება ჰქონია დავალებული. მას კი ისე შეუყვარდა ეს ბავშვები და ისე მოიხიბლა ჩვენი პატრიოტული განწყობილებებით, რომ გვითხრა, თქვენგან ანტისახელმწიფოებრივს ნეტავ რას ელოდნენო?! მისგანვე გავიგეთ, რომ უშიშროების თანამშრომელი ყოველთვის დაგვყვებოდა. იმ დღის შემდეგ კი თავად იტვირთა ეს ფუნქცია ჩვენთან მიმართებით.
პატიმრობა და 47 წლის ასაკში დანგრეული ჯანმრთელობა
„ანზორ დოლენჯაშვილი იმდენად პატარა იყო, რომ ნამდვილად გაუჭირდებოდა ყველა საფრთხის გათვლა, რაც საინგილოში გადასვლას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ სირთულეებისთვის მზად იყო. ანზორის გადაწყვეტილება არც მარტო თეატრის სიყვარული იყო და არც მარტო სამშობლოს სიყვარული. შეიძლება თეატრის გახსნა გინდოდეს, მაგრამ გაბედულება გაკლდეს; შეიძლება იყო გაბედული, მაგრამ თავდადება და თავგანწირვა უნდა შეგეძლოს. ის გაბედულიც იყო და თავგანწირულიც. ანზორმა მართლაც შიშველი ხელებით აკეთა დიდი საქმე. მან 20 წლის განმავლობაში 40-მდე სპექტაკლის დადგმა შეძლო.
როდესაც სპექტალის დღე დგებოდა, ეს მთელი სოფლის ზეიმი, დღესასწაული იყო. ადამიანები ყველა საქმეს გადადებდნენ და გამოპრანჭულები მოვიდოდნენ. გადაჭედილი იყო თეატრი. ნემსი არ ჩავარდებოდა. ეს სპექტაკლები ისეთი ემოციური იყო, რომ იქ სოფლის მოსახლეობა ქვითინებდა და თბილისში — ქართული ინტელიგენცია. თავადაც თამაშობდა სპექტაკლებში. შესანიშნავად მღეროდა. ერთ-ერთ სპექტაკლში სულისშემძვრელად მღერის: — „საინგილო, უფლის ციხევ, ძნელად გასავლელო გზაო…“ მართლაც, ძნელი გასავლელი გამოდგა ანზორისთვის გზა, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ასეთი დღეც დადგა. სახელწიფო უშიშროების სამსახურის ცილისწამების ნიადაგზე ორი კვირით დააპატიმრეს. შევაზანზარე მთელი თბილისი. თუკი ვინმე ცნობილი ადამიანი იყო, ყველას შუამდგომლობა შევაგროვე და ორ კვირაში გამოვიყვანეთ, მაგრამ ციხემ ჯანმრთელობა დაუნგრია და 47 წლის ასაკში ინსულტი დაემართა“.
2003 წელს საქართველომ თეატრის დაფინანსება შეწყვიტა
„იცოდეთ, რომ ალიბეგლოს თეატრი მსოფლიო გამონაკლისია. ის ერთადერთი ქართული თეატრია უცხოეთში სახელმწიფო სტატუსით. 2003 წელს საქართველომ თეატრის დაფინანსება შეწყვიტა. არა და, ამ დროს დასში უკვე პროფესიონალი მსახიობები მუშაობდნენ.
ახლა თეატრი არსებობს, მაგრამ თეატრალური ცხოვრება არც თუ სახარბიელოა. რამდენიმე ადამიანი მეიმედება, მათ შორის, გოჩა კაპანაძე. გოჩა პატრიოტია, კარგი რეჟისორია, აღმოსავლურ ლიტერატურასაც შესანიშნავად იცნობს. ვფიქრობ, შეძლებს საინგილოდან დაინტერესებული ახალგაზრდები ჩამოიყვანოს, გაწვრთნას და ისევ თეატრს დაუბრუნოს… ნიკა წულიკიძესაც შევთავაზე ჯგუფის შეკვრა. ენერგიული და ნიჭიერი ბიჭია.
გარდა ამისა, რთულია, მაგრამ საშური საქმეა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოდან დაინიშნოს. შედარებით იოლია დროდადრო ქართველი რეჟისორები მივავლინოთ ადგილზე სპექტაკლების დასადგმელად. ეს თეატრის დონეს აწევს, ხარისხი გაიზრდება და პროცესიც გამოცოცხლდება.“