გვესაუბრება პოლიტიკოსი რომან კაკულია
ადამიანები სულ ორად იყოფიან. მსოფლიოშიც ასე იყო: ორად გაყოფილი ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან ორი განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო. აი, ამის გენეტიკას თუ არ გავიგებთ, სულ უბედურებაში ვიქნებით.
ქართულ ენას აქვს იმის შესაძლებლობები, რომ არ გაგიჭირდება რაიმე მოვლენა დაახასიათო, მაგრამ მაკლია ერთი სიტყვა, რასაც ინგლისურად — „point of view“ ან რუსულად „ტოჩკა ზრენია“-ს უწოდებენ. ეს არის ადგილი, საიდანაც ხდება ყველაფრის დანახვა, ვიღაც ერთი წერტილიდან უყურებს, ვიღაც სხვა წერტილიდან და ყველას თავისი გადმოსახედიდან დანახული ჰგონია სიმართლე და ამ სიმართლეს შემდეგ ამყარებს არგუმენტებით.
ეს არის მსოფლმხედველობრივი აზროვნების პარადოქსი, როდესაც ადამიანი თავის მსოფლმხედველურ პარადიგმაში არის, ეს მისი ხერხემალია, ადამიანები შეხედულებების გამო თავს იკლავენ — ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია. ეს მსოფლმხედველობა შვება ამას იმიტომ, რომ შიში, ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური ინსტინქტია, რომელიც გამომუშავდა ადამიანის თავდაცვის გამო, ანუ თავდაცვის ინსტინქტია შიში. ეს შეხედულებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან ადამიანს შიშის გრძნობასაც კი დააძლევინებს, ადამიანები მიდიან სიკვდილზე თავისი შეხედულებების გამო, ანუ ამან ხომ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ადამიანისათვის მსოფლმხედველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
შენ როცა სხვა მსოფლმხედველობის ადამიანთან არ შეგიძლია თანაარსებობა, მაშინ გამოდის, რომ სულ ორი გზა არსებობს — ან ერთმანეთს უნდა შევეჭიდოთ და ვინც გაიმარჯვებს, იმისია სიმართლე, ან უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ რას ვფიქრობთ — ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ყველა, რომ ვამბობთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება გვინდა, გამოდის, რომ ამის უნარები არა გვაქვს.
ამას წინათ, ერთ-ერთ სტატიაში ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანის შეფასება ვნახე, რომელიც ახასიათებდა — რა არის სამოქალაქო ომის წინაპირობა და აღნიშნავს: როდესაც ხელისუფლება და მისი ოპოზიცია ერთმანეთის მორალურ სახეში ქვეყნის განვითარების ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავენ, იქ სამოქალაქო ომი გარდაუვალიაო.
ახლა შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას: ჩვენ ხომ სამოქალაქო ომისკენ მიმავალი საზოგადოება ვართ. არიან ადამიანები, რომელთა ხედვის აბსოლუტურად არ მესმის, ალბათ მატერიალური კეთილდღეობის გამო აქვთ ეს პოზიცია. თანაც ახლა უფრო აგრესიულები არიან, რადგან საკუთარ თავს ხომ არ გამოუტყდებიან იმაში, რომ მე ეს პოზიცია მაქვს ამა და ამ ინტერესის (მატერიალური სარგებელის) გამოო. მათი გონება იძულებულია იმ მსოფლმხედველობაში გადავიდეს, რომელიც შინაგანად მაქსიმალურად გაამართლებს, მაგრამ მას ქვეცნობიერად ეს აწუხებს, თავს ვერ უტყდება, მაგრამ იცის ამ მსოფლმხედველობრივ პოზიციაში ჩაჯდომა რომელი მოტივაციის გამო ხდება. შედეგად იქცევა ისე აგრესიულად, რომ მზად არის — შეგჭამოს. ამის დიაგნოზი საზოგადოებამ თუ ვერ დასვა და ასეთი ადამიანები თუ არ „გაცხრილა“, სულ ასეთ დღეში ვიქნებით.
გამოდის, რომ ფრაზა — ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, არაფერსაც არ ნიშნავს. ჩვენ ამის უნარები არ აღმოგვაჩნდა.
ეს დაპირისპირება და განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო აგრესია დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ — ეს იყო დასაწყისი, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო საპასუხო რეჟიმში, აგრესია მათ არ დაუწყიათ. მე მახსოვს ეს ყველაფერი, განსხვავებულისადმი მიუღებლობის სტანდარტი ამ ქვეყანაში შექმნეს მათ, ამიტომ ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, დღესაც და მომავალშიც, საერთოდ, ყველასი, ვინც მაგათთან არის ასოცირებული, წარმოუდგენელია. იმდენად ერთ ინკუბატორში გამოზრდილებივით არიან… აი, ლიბერალიზმი შემაძულეს სამუდამოდ. ჩემთვის კლასიკურ ლიბერალიზმზე საყვარელი და საინტერესო იდეოლოგია არ არსებობდა, ეს დღესაც ასეა. ამათ არასოდეს ქონიათ ლიბერალიზმის კლასიკურ გაგებასთან შეხება, მაგრამ მე ვცდილობ ვიპოვო ჩემს თავში ძალა — თუ როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ცხოვრება. ესენი კი ამას არ ცდილობენ, ესენი ცდილობენ — როგორმე გაგიყვანონ და მერე თვითონ მოვიდნენ და გააკეთონ ის, რასაც სახელს ვერ დავარქმევ.
გამოგონილი მიზნებისაკენ სწრაფვა — საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების გზა
აშკარად ვატყობ, რომ ბევრს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ, მაინც და მაინც, შიზოფრენია და ქვას ისვრის. საერთოდ ცხოვრებაში მიზნის პოვნა არის ძალიან რთული და ყველა ფსიქოლოგი გეტყვის, რომ დადებით ემოციებს მიზნისაკენ მსვლებობისას პოულობს ადამიანი. ადამიანები, რომლებიც ამ მიზანს ვერ პოულობენ, თავისი ბუნებრივი პროცესით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოგონებული მიზნისაკენ სწრაფვა. საერთოდ ვიღაცას აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოს არარეალური მიზნებისაკენ მისწრაფებულმა ადამიანებმა მოუტანაო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამოგონილი მიზნებისაკენ სწრაფვაში, მსვლელობისას, პოულობენ საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების გზას.
ჩვენ გვყავდა ერთი აზროვნების მეტრი, რომელმაც თქვა, რომ ამ პროცესში მტრის ხატის შექმნა არის ყველაზე ადვილი და მარტივი მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ შენ ცხოვრების მიზნად დაისახო ეს მტერი და მისი დაძლევის პროცესში ამოსუნთქვა გააკეთებინო შენს შინაგან ქვეცნობიერს, რადგან შენი ცხოვრების მიზანი ვერ განახორციელე — ეს არის ყველაზე მარტივი მეთოდიო. ასეც არის, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ, რომელიც საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს აგვარებს ასე, აქვს გამოგონილი მიზანი და მისკენ სწრაფვაში იკმაყოფილებს საკუთარი თავის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.