აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთი და რატომ სურს რუსეთთან შეერთება“ (ავტორი მეით ფერნანდეზ-საიმონი). მასში განხილულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონთან — ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე წარმოჩინდა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ევროპა შეძრა, განამტკიცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თუმცა იმავდროულად პოსტსაბჭოთა ეპოქის კონფლიქტებიც „გამოაღვიძა“, მათ შორის ისეთ ადგილებში, როგორიცაა მთიანი ყარაბაღი — სადაო ტერიტორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მსგავსი სიტუაციაა პრორუსულად განწყობილ „სამხრეთ ოსეთში“ — საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, რომლის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წელს აღიარა. „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკა „უახლოეს მომავალში“ განახორციელებს იურიდიულ პროცედურებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მიზნით და ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს.
რა უნდა ვიცოდეთ „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ და მის ამბიციებზე, რატომ სურს გახდეს რუსეთის ნაწილი და იმაზეც, თუ რით არის ეს კონფლიქტი დაკავშირებული რუსეთ-უკრაინის ომთან.
რას წარმოადგენს „სამხრეთ ოსეთი“?
„სამხრეთ ოსეთი“ პატარა სეპარატისტული რეგიონია და მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების შიგნით, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს. მოსკოვმა „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წელს აღიარა, აფხაზეთთან ერთად (რომელიც ასევე საქართველოს ნაწილს წარმოადგენს), ხანმოკლე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად. მას შემდეგ კრემლი ამ რეგიონს ფინანსურ დახმარებას უწევს, სამხედრო ბაზაც განათავსა, 55-ათასიან მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა და სხვა შეღავათები მისცა.
საქართველოს დე-ფაქტოდ აქვს დაკარგული კონტროლი სამხრეთ ოსეთზე (და აფხაზეთზე), რომელთა „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, მხოლოდ მოსკოვის რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ აღიარა — ისეთებმა, როგორებიცაა ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია, აგრეთვე რამდენიმე კუნძულოვანმა ჯუჯა-სახელმწიფომ. წლების განმავლობაში რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ერთმანეთს დაუახლოვდნენ და საკმაოდ მრავალი ხელშეკრულება გააფორმეს თანამშრომლობის მიზნით.
როგორც საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაია ოთარაშვილი ამბობს, „2008 წლიდან რუსეთი პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო გახდა, რომელიც „სამხრეთ ოსეთს“ მხარს უჭერს და აკონტროლებს. სწორედ რუსეთის ძალისხმევით არის რეგიონი იზოლირებული თბილისისგან, საქართველოს სხვა ნაწილებისაგან“.
რა განაცხადა „სამხრეთ ოსეთმა“ რუსეთთან მიერთების თაობაზე?
ანატოლი ბიბილოვმა 31 მარტს განაცხადა, რომ „უახლოეს ხანში“ „სამხრეთ ოსეთი“ იურიდიულ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიზნით: „ვთვლი, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ეს არის ჩვენი ხალხის სწრაფვა და ამ გზით უნდა ვიაროთ… სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თავისი ისტორიული სამშობლოს — რუსეთის ნაწილი გახდება“.
„სამხრეთ ოსეთი“ ადრეც აცხადებდა, რომ რუსეთთან შეერთება სურდა. „მე ვფიქრობ, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, — ამბობს მაია ოთარაშვილი, — პირველ რიგში ის, რომ რუსეთი ფაქტიურად მთლიანად აკონტროლებს „სამხრეთ ოსეთს“ ყველა საკითხში; მეორე — ანექსია… თუმცა ამ ნაბიჯის გამო მოსკოვის მოქმედება დასავლეთის მიერ, სავარაუდოდ, დაგმობილი იქნებოდა“.
კრემლს სამხრეთ ოსეთის განცხადებისათვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიუცია: „ჩვენ ამის თაობაზე რაიმე იურიდიული ან სხვა ზომები არ მიგვიღია“, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, — ეს სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი იქნება, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ“.
როგორი რეაგირება მოახდინა საქართველომ?
ხუთშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „სპეკულაციები რაღაც „რეფერენდუმზე” რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შესაძლებელი მიერთების მიზნით მიუღებელია“.
რა კავშირი აქვს „სამხრეთ ოსეთის“ ამბებს უკრაინასთან?
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ქართველებში იმ ტკივილების გახსენება გამოიწვია, რომლებიც მათ 2008 წელს გადაიტანეს. იმავდროულად, 24 თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო, საქართველო ცდილობდა რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა.
25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდებოდა თავისი დასავლელი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. გარდა ამისა, გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლას.
იმავდროულად, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარტის დასაწყისში ბრიუსელში და პარიზში გაემგზავრა უკრაინისადმი მხარდაჭერის მიზნით, ქვეყნის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი ევროპული ვიზიტი არ იყო ნებადართული და ამიტომ (პრეზიდენტის მოქმედების გამო) სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
„ქართველები ოველდღიურად და ყველანაირად ეხმარებიან. ბევრი მათგანი დღეს უკრაინაში მოხალისეებად იბრძვის… ასე რომ, მთავრობისა და მოსახლეობის პოზიცია ამ საკითხში ერთმანეთისაგან უკიდურესად განსხვავდება“, — ამბობს მაია ოთარაშვილი.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ცნობილია თავისი სტრატეგიით „რუსეთის დამშვიდებისა და მასთან ურთიერთობის“ შესახებ, — განმარტავს მაია ოთარაშვილი, — „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დღეს ბევრი რამ არის გახსნილი და ამიტომ ხელისუფლება დაინტერესებულია, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს“.
ბუნებრივია, ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, „რუსული სამყარო ყოველთვის იმ ადამიანების, იმ ხალხების ინტერესებს იცავს, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ გამოდის და ვინც პატივს სცემს უნივერსალურ ჰუმანიტარულ ფასეულობებს, იმ ძირთად უფლებებს და ნორმებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს“.
რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, თავდაპირველად უკრაინაში შეჭრას ქვეყნის „დენაციფიცირების“ განხორციელების აუცილებლობით ამართლებდა, რაც, ექსპერტთა აზრით, ომთან დაკავშირებულ კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს“
წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2022/03/31/georgia-south-ossetia-join-russia-federation/