„რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე უკვე შესამჩნევია. საქართველო რუსეთზე, უკრაინასა და ბელორუსზე ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. სად შეიძლება მოიძებნოს ალტერნატიული ბაზრები საქართველოს საგარეო ვაჭრობისთვის და რა დადებითი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს? – მოსალოდნელ ეკონომიკურ ვითარებას ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიმოიხილავს.
„სამივე ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობის მიმართულებით სხვადასხვა სახის დაბრკოლებები უკვე გვაქვს. უშუალოდ საომარი მოქმედებების და უკრაინის შავი ზღვის ბლოკირების ფონზე გართულდა უკრაინიდან და უკრაინაში პროდუქტის გადაადგილება. მოსალოდნელია პროდუქციის იმპორტის შემდგომი შეფერხება რუსეთიდანაც და ბელორუსიიდანაც. ამ სამი ქვეყნიდან მომავალი იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, შედეგად მივიღებთ საკმაოდ სოლიდურ ინფლაციასაც.
ექსპორტის შემთხვევაში დივერსიფიცირება უკრაინის, რუსეთის და ბელორუსიის ბაზრების შესაძლებელია, თუმცა გარკვეული ზიანი აქაც მოგვადგება. ოპერატიულად ბაზრების ჩანაცვლება შეუძლებელია, თუმცა გააჩნია პროდუქტს, მაგალითად, ფეროს უფრო მარტივად გადავამისამართებთ, ვიდრე ღვინოსა და მინერალურ წყლებს. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცალკეულ ქვეყნებში ქართული მინერალური წყალი – „ბორჯომი“ სანქციების ქვეშ მოჰყვა, როგორც რუსული ალფა ჯგუფის მფლობელობაში მყოფი კომპანია, ამან კი „ბორჯომს“ რუსულ ბაზართან ერთად მრავალი სხვა ბაზარი შეიძლება დააკარგვინოს და აქ დივერსიფიცირებაზე საუბარიც ზედმეტი იქნება“, – აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარდგენილ განაცხადზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირისგან ეკონომიკურ დახმარებას მიიღებს, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჭარაიას შეფასებით, ამ ვითარებაში ქვეყანაში ეკონომიკური რყევების შესამცირებლად მთავრობის პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული ქმედებებია გადამწყვეტი.
„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირში მიიღეს, წამოვა უზარმაზარი საინვესტიციო თუ საგრანტო პაკეტები. ეს ასე ხდება – ყოველ ახალ წევრს, რომელსაც იღებენ, ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები. გარდა ფინანსურისა, ევროკავშირში წევრობა, დღევანდელი დღის მდგომარეობით, საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ნატოს წევრობასაც კი შეიძლება გაუტოლდეს გარკვეული კუთხით. ევროკავშირში წევრობა საქართველოსთვის არნახული ფარი იქნება, რომლის მსგავსი მას არასდროს ჰქონია.
პანდემიის დროს ნათლად დავინახეთ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და, დარწმუნებული ვარ, მსგავსი დახმარებები დიდი ოდენობით წამოვა, საჭიროების შესაბამისად.
ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პრაგმატულად და ეფექტიანად იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ მაქსიმალურად სწორი, პროქართული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროკავშირთან, უკრაინასთან თუ რუსეთთან მიმართებით. ეს არ ნიშნავს დამალვას. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს გამოწვევას, ნაკლებად აქტიურობს განცხადებებში, თუმცა, განსაკუთრებით აქტიურია საქმის კუთხით, იქნება ეს გაეროში, ევროპის საბჭოში, ევროკავშირსა თუ სხვა ორგანიზაციებში, სადაც საქართველოს სიტყვა ეთქმის და შეუძლია მოქმედება. ამასთან ერთად, საქართველო თანამოზიარეა საერთაშორისო საფინანსო სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც საქართველოში რამდენიმე დღეში სრულად „აორთქლდა“ რუსული VTB ბანკი, რუსული ბანკების კლიენტები საქართველოში ვეღარ იყენებენ თავიანთ VISA და MASTER CARD-ს და ა.შ.
ვისურვებდი, რომ ჩვენი ქმედებები სწორად დაინახონ პარტნიორებმა, რადგან საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ამისთვის გატარებული აქვს შესაბამისი რეფორმები, თავის დროზე მიიღო უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ამტკიცებდა თავის ერთგულებას დასავლური ღირებულებებისადმი მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში და სისხლი დაუღვრია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთთან ომშიც, როდესაც დასავლეთმა ვერ დაიჯერა საქართველოს სიმართლე და არ დაუდგა მას მხარში საკმარისი დოზით. არა უშავს, შეცდომები ყველას მოსდის, მთავარია ევროკავშირმა ამჯერად გადადგას პრაგმატული ნაბიჯი და, ერთი მხრივ, დაუფასოს საქართველოს მისი წარსული მიღწევები და ქმედებები და, მეორე მხრივ, დაიცვას საქართველო შემდგომი შესაძლო უთანაბრო დაპირისპირებისგან რუსეთთან“, – აცხადებს ჭარაია.