რამდენიმე დღეა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ სოციალურ ქსელში კრიტიკული მოსაზრებები ვრცელდება. კრიტიკა გამოიწვია 22 იანვარს გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში – „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“, რომლის ავტორია ფილოსოფიის დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია (http://science.org.ge/?p=10282), ნახსენებია, რომ „XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა“. ინფორმაციაში შენიშვნის სახით მოცემულია, რომ „მოხსენების აღნიშნულ ამონარიდში ავტორი გულისხმობს რუსეთის ხელისუფლების აზრს“, თუმცა ოპონენტებისთვის ეს შენიშვნა დამაჯერებელი არ აღმოჩნდა – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებში ისინი მკაცრად აკრიტიკებენ მეცნიერებათა აკადემიას და მიუთითებენ, რომ ამგვარი მოსაზრების გავრცელება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ სპეციალური განცხადება გააკეთა: „ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები. კერძოდ, საკითხი ეხება ა.წ. 22 იანვარს ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ფაჩულიას მიერ გაკეთებული მოხსენების — „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“ შესახებ ინფორმაციას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში მოცემული დებულებები, მათ შორის, მოხმობილი ამონარიდები არის მოხსენების ტექსტიდან და არ წარმოადგენს არც კომისიის, მით უმეტეს, არც მეცნიერებათა აკადემიის პოზიციას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოხატავს წუხილს და მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს აკადემიის ელექტრონულ გვერდზე ისეთი ტექსტის გამოქვეყნება, რომლის ყველა დებულება კონტექსტის გარეშე ერთმნიშვნელოვანი გაგების საშუალებას არ იძლევა. ამასთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თვლის, რომ მიუღებელია ეროვნული აკადემიის საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგებიდან გამომდინარე, მისი ავტორიტეტის დაუმსახურებლად შელახვა მაშინ, როდესაც აკადემია ღიაა ყველა აზრის მოსასმენად, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც საქმისთვისა და ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო“, – ნათქვამია განცხადებაში..
წყარო: — https://www.facebook.com/permalink.php?story-fbid=319981266840286&id=100064852443540