რაულ ჩილაჩავა, რომელიც გახლავთ საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო პოეტი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ყოფილი), 13 მარტს, ღამით გამოფრინდა ვარშავიდან და 14 მარტს დილით უკვე თბილისის აეროპორტში იყო.
რაულ ჩილაჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სასიამოვნო საკითხთან დაკავშრებით არის 21 მარტისთვის დაბარებული. შარშან, დეკემბერში, მას მიენიჭა რუსთაველის პრემია, რომლის მისაღებადაც მაშინ ვერ ჩამოვიდა, რადგან საავადმყოფოში იწვა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს — ეს პრემია ახლა გადასცეს მას.
რაულ ჩილაჩავა უკრაინაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიავლინა უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად 1967 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ იგი უკრაინაში ცხოვობდა და დღეს დევნილად დაბრუნდა საქართველოში.
სცენარის ასეთი განვითარების შესახებ არავინ იცოდა, ალბათ, გარდა პუტინისა
„ომი რომ დაიწყო, კიევში ვიყავი. მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, მეძინა, დილის 4 საათზე დაიწყო და უკვე ჩაირთო რადიო სირენები და გამოცხადდა, რომ უკრაინას თავს დაესხა რუსეთი. ეს იყო აბსოლუტური მოულოდნელობა და შოკი. ჩვენ ველოდით ომს, ველოდით ლოკალურს, ველოდით, უკეთეს შემთხვევაში (თუ შეიძლება ასე ითქვას), დონბასში რუსულ შეტევას და, უარეს შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ, თუ ეს შეტევა პირდაპირ დაიწყებოდა ყველა მხრიდან და პირდაპირ კიევს დაბომბავდნენ, სცენარის ასეთი განვითარების შესახებ არავინ იცოდა, ალბათ, გარდა პუტინისა”, — ამბობს უკრაინიდან ჩამოსული რაულ ჩილაჩავა.
კითხვაზე — რამდენი ხანს აპირებთ საქართველოში დარჩენას? — რაულ ჩილაჩავა გვპასუხობს: „მე საერთოდ ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ არ მინდოდა — ეს დაბრუნება მომხდარიყო ასეთი ფორმით. დავრჩები მანამ, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, დალაგდება. მე კიევში დავტოვე აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ტანზე მეცვა, იმით წამოვედი და ერთ პატარა ჩანთაში, რაც ხელში მომხვდა, ჩავყარე ყველაფერი და წამოვიღე; დავკეტე ბინა, არც ვიცი დამხვდება თუ არა. მეტი მე მაინც არაფერი მაქვს, ჩემი ბიბლიოთეკა იქ არის. როგორც კი კიევში ცხოვრება შესაძლებელი გახდება, დავბრუნდები, რა თქმა უნდა. თბილისში ბინა მაქვს და ახლა ჩამოვედი ჩემს უმცროს ვაჟთან და საყვარელ ძაღლთან ერთად”, — ამბობს რაულ ჩილაჩავა.
რა კავშირი ჰქონდა რაულ ჩილაჩავას საქართველოსთან?
„სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, საერთოდ, ხან აქ ვიყავი და ხან უკრაინაში. მაშინ არც მიმოსვლა იყო ძნელი, არც ძვირი ღირდა, პრინციპში, მგზავრობა, საქმეებიც ძალიან ხშირად მქონდა საქართველოში, რადგან, ჯერ ერთი, მთელი ჩემი ოჯახი, მშობლები, და-ძმა ყველა ცოცხალი იყო და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მქონდა. მეორე — ყველა ჩემი წიგნი საქართველოში გამოდიოდა, ქართულ პრესაში ვიბეჭდებოდი, მაშინ არ იყო არც ინტერნეტი და არც სხვა კომუნიკაციის საშუალება, რომ დისტანციურად ეს მეკეთებინა, ამიტომ ხშირად აქ მიწევდა ყოფნა, სანამ ჩემი წიგნები მზადდებოდა, იბეჭდებოდა. რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებელი გახდა, მიმოსვლა უფრო რთული გახდა. ამას დაემატა სიტუაცია საქართველოში. ძნელი იყო მაშინ, მოგეხსენებათ, ყველაფერი — სამოქალაქო ომი იყო, ნგრევა. შემდეგ პარალელურად მე გავხდი უკრაინის (უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში) მინისტრის მოადგილე და არ მქონდა საშუალება იმისა, რომ ხშირად ჩამოვსულიყავი სამშობლოში”, — ამბობს რაულ ჩილაჩავა.