სკაილერ ფოერსტერი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვიდა, როგორც ევროპის ჩვეულებრივი ძალების და შესაბამისი ხელშეკრულების მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი. იგი 26 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში, როგორც უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპაში.
საქართველოს, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, უნდა გაეგო – რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის შედგენის პროცესშიც მას მოლაპარაკებებისას რეალური ხმა არც ჰქონია.
გორთან ყოფილი საბჭოთა სატანკო დივიზია იყო. როდესაც რუსები წავიდნენ, მათ საკუთარი აღჭურვილობა – კერძოდ, ტანკები – გორში დატოვეს, თუმცა ყველაფერი გაანადგურეს ისე, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი იყო, რადგან ტანკების საწვავის ავზებში ქვიშა ჩაყარეს.
„აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ყველა ეს ტანკი საქართველოს ეკუთვნოდა. ქართველებს სურდათ, რომ ეს ყველაფერი ჩამოეწერათ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა – შევხვედროდით თავდაცვის მინისტრს და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ დავეხმარებოდით მათ ხელშეკრულების ფარგლებში. შევხვდით კიდეც თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრს, რომელსაც ძმა რუსებმა მოუკლეს აფხაზეთში. ის მოგვიყვა თავისი გმირობის ისტორიას, თუ როგორ ჩამოიტანა მარტომ ძმის ცხედარი მთებიდან. ამის შემდეგ ეს მეგობრული ვიზიტი გაგრძელდა სტალინის დაბადების ადგილის მონახულებით, სადაც მერმა გვიმასპინძლა. ეს შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო მოწყობილი და, ბუნებრივია, დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ ამ ვიზიტში მონაწილეობას. მშვენიერი სადილი გამოგვივიდა ბუნებაში, რა თქმა უნდა მივირთვით ალკოჰოლიც.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა იოსებ ჯუღაშვილის სადღეგრძელოს დალევა შემოგვთავაზა. ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული, რომ მის შემოთავაზებას უნდა დავთანხმებულიყავით, ამიტომ აშშ-ს ელჩმა, რომელიც თან გვახლდა, გრძელი სადღეგრძელოების შემდეგ თქვა: ,,აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობასა და დიდ სამამულო ომს გაუმარჯოს“-ო. მერი ადგილობრივ ჩინოვნიკზე ძალიან გაბრაზდა, ველოდით სროლის ატეხვასაც კი, ამიტომ მალევე წამოვედით. თუმცა ამ ვიზიტს საინტერესო გამოცდილებას მაინც დავარქმევდი“, – იხსენებს ფოერსტერი თავის შთაბეჭდილებებს საქართველოში ყოფნის დროს.
როგორც სკაილერ ფოერსტერი ამბობს, ჯერ კიდევ 1992 წლის დასაწყისში სურდა საქართველოს ნატოს ნაწილი ყოფილიყო.
„მახსოვს, შტაბების უფროსთან გაერთიანებული კომიტეტის გენერალი შალიკაშვილი იყო, რომლის წინაპრები საქართველოდან აშშ-ში დიდი ხნის წინ გადმოსახლდნენ. როცა საქართველოში მაშინდელ თავდაცვის მინისტრს შევხვდით, ამერიკაში მცხოვრებ ქართველ გენერალზე გვითხრა, რომ თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოს წევრები, შალიკაშვილი მაინც გვყავს და ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისიაო“, – იხსენებს ფოერსტერი.
-შეეძლო თუ არა საქართველოს სხვაგვარად მოქცევა, რათა დღეს ის ნატოს წევრი ყოფილიყო?
-პასუხი არის – არა. ასეთივეა პასუხი კითხვაზე: – შეეძლო თუ არა რაიმეს გაკეთება უკრაინას. ეს, უბრალოდ, გეოგრაფიის საკითხია. თუ გადავხედავთ 2014 წლამდე ნატოს დოკუმენტებს ცივი ომის დასრულების შემდეგ, მათში ხაზგასმულია, რომ ნატოს რუსეთთან პრობლემა აღარ აქვს: ,,რუსეთი ჩვენი მეგობარი იქნება, იმედი გვაქვს – მათი მეგობარი ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ რუსეთის პროვოცირებას”. ჩვენ არ გვიფიქრია, რომ ნატოს გაფართოება, რაც, მონტენეგროს გამოკლებით, 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, პროვოკაცია იყო.
2008 წელს, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბუქარესტის კომუნიკეში საქართველო და უკრაინა ეხსენებინათ, ამ შეხედულებას, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა (შესაძლოა, რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩათვლით), ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია.
მაშინ უკვე ხმები დადიოდა შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ისეთი ადამიანების ჩართულობით, როგორიცაა ჯორჯ კენენი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნატოს გაფართოება დიდი შეცდომა იყო. ისინი არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას, მაგრამ აშკარად არსებობდა აზრი ფორმულირებით – „ფრთხილად იყავით“
არსებობდა ის აზრიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი საბჭოთა მოკავშირეები ნატოს წევრები გახდებოდნენ. ცხადია, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გადასვლა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო. და ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა, რადგან ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ რუსეთის ნაწილი.
ჩვენ 1997 წელს რუსეთს მივეცით გარანტიები, რომ არ ვაპირებდით სამხედრო ძალების, ატომური იარაღის მათთან ახლოს განლაგებას და რუსებმა ხელიც მოაწერეს ამ შეთანხმებას 1997 წელს. ამიტომ გვეგონა, რომ უსაფრთხოდ ვიყავით.
არსებობდა აზრი, კონსენსუსი, ბუშის ადმინისტრაციის გამოკლებით, რომ შემდგომი გაფართოება ძალიან შორს გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც რუსული ჯარები იყვნენ – საქართველოში.
რა შედეგები შეეძლო მოეტანა ამას? ანუ ისეთი ქვეყნის შეყვანას ალიანსში, რომელიც უკვე ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ? არის თუ არა მოლოდინი, რომ ნატო ახლა ომში ჩაებმება რუსეთის წინააღმდეგ? – ეს უკვე პრობლემური ხდება. დიდ მოკავშირეებს შორის, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას შორის არ იყო კონსენსუსი.
ასე რომ, ნატოში დათანხმდნენ იმ განცხადებას, რომელიც 2008 წელს გააკეთეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს განცხადება არავითარ ვალდებულას არ გულისხმობდა. ბუშის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა ამას, მაგრამ მან დრო არ მონიშნა და უბრალოდ თქვა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, შეიძლება 2150 წელს, მაგრამ არა ახლა, არა ამჟამინდელ პირობებში. ბუშის ადმინისტრაცია ბედნიერი იყო, ყველამ შვებით ამოისუნთქა, რომ ეს დიპლომატიური პრობლემა გადავლახეთ. მაგრამ იმ დროს ნატო ჯერ კიდევ არ განიხილავდა რუსეთს, როგორც აგრესიულ სამხედრო საფრთხეს. 2010 წელს ნატოში ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშავეს, რომელიც ჯერ კიდევ საუბრობდა რუსეთზე, როგორც არა მოწინააღმდეგეზე – ჩვენ გვინდოდა მუშაობა რუსეთთან.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა იმედი, მედვედევის დროს, რომ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ისინი ცდილობდნენ – გაეუმჯობესებინათ ურთიერთობები, რაც არ გამოვიდა, რადგან პუტინი დაბრუნდა. ასე რომ, შემდეგი ბარიერი 2014 წელია. ახლა უკვე 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო გაფართოვდა, 6 წელი ბუქარესტის კომუნიკედან და აი მივდივართ ევრომაიდანის მოვლენებამდე.
ვაღიარებ, იმ დროს მეც დავწერე სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასკვნა, რომელიც 2014 წელს გამოვიტანეთ, იყო ის, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასრულდა. ნატო ამას ხმამაღლა არ განაცხადებდა, მაგრამ თუ უკრაინას რაიმე შანსი ჰქონდა, რომ ნატოს წევრი გამხდარიყო, ეს შანსი გაქრა, რადგან ცხადი იყო, რომ ეს კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია იქნებოდა. იმიტომ, რომ 2014 წელს პრობლემა ნატოც კი არ ყოფილა, პრობლემა კიევის სურვილი იყო – ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ირონია ის არის, რომ ამ კრიზისის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ასე რომ, მესიჯი ნათელი იყო: კარგი, ბატონო პუტინ, თქვენ გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც აპირებდით და ჩვენ არ გამოვიყენებთ სამხედრო ძალას, მაგრამ თუ თქვენი მიზანი იყო ამ ქვეყნების დასავლეთისკენ ორიენტაციის შეჩერება, თქვენ წააგეთ!
იმ მომენტში უკრაინა საქართველოს ფუნდამენტური რეალობით შეუერთდა – ნატოსთვის ძალიან რთულია იმის გამართლება, რომ მან საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები უნდა დაიცვას.
როგორ შემოიყვანთ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც უკვე ჰყავს რუსული ჯარები თავის მიწაზე? მით უფრო, თუკი არ იცი – რას აპირებ ამ ჯარებთან დაკავშირებით, შენ ქმნი დიდ პრობლემას ალიანსში, რადგან ახალი წევრი, საქართველო ან უკრაინა შემოდის და ამბობს: – კარგი, არსებობს მე-5 მუხლი, რას აპირებ? და პასუხი არის: – ჩვენ არ ვიცით, ამას როგორ გავუმკლავდეთ. ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, პრობლემური საკითხია.
საქართველოსა და უკრაინაში ყველამ უნდა გაიგოს – როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანას ცენტრალურ აზიაში, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჰყავთ საკუთარი დიქტატორები და გააკეთებენ იმას, რასაც მოისურვებენ. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ საქართველოსა და უკრაინას სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი და დროთა განმავლობაში ეს მოხდება, თუნდაც ასოცირების შეთანხმების მეშვეობით, მაგრამ სთხოვო დასავლეთს – დაიცვას საქართველოს ან უკრაინის ტერიტორია რუსი სამხედროებისგან, რომლებიც ამ ქვეყნების მიწაზე იმყოფებიან, არ არის პრაქტიკული. მე ეს პირველად 2014 წელს ვთქვი და მაშინ ეს მართალი მეგონა, ახლა 2022 წელს – არც თუ ისე დარწმუნებული ვარ.
უკრაინის ომის შესაძლო შედეგებზე
დარწმუნებული ვარ, კრიზისი დამთავრდება, რუსეთი ვერ მიაღწევს სამხედრო გამარჯვებას, მაგრამ პროცესი, საბოლოოდ, შეიძლება კატასტროფული შედეგებით დასრულდეს უკრაინისთვის. ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ განიხილავს ნეიტრალიტეტს, თუკი იქნება ვალდებულება მისი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. მესიჯი არის ასეთი : მე არ მჭირდება ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ მსურს – იკისროთ ვალდებულება“. თუ დასავლეთი მოახერხებს და იპოვის გზას, რომ ასეთი გარანტია მივცეთ უკრაინას, ეს გამოცდილება შეიძლება გამოადგეს საქართველოსაც. თუ რუსეთი ისევ გაიწევს საქართველოსკენ, მაშინ ნატომ იგივე ფორმატში უნდა აღმოუჩინოს მხარდაჭერა საქართველოსაც. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელი. ავსტრია არ არის ცუდი მოდელი. როდესაც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ავსტრიაში, არ შემეძლო სამხედრო ფორმის ტარება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მომცემდა ამის სპეციალურ უფლებას რაიმე საზეიმო მიზნით. ავსტრია არ არის ნატოს წევრი, თუმცა ევროკავშირის წევრია და დასავლეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს.
ვფიქრობ, რუსებს ახლა ესმით ის, რაც არ ესმოდათ თებერვალში – თუ რამხელა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია უკრაინას. ვერ შევაფასებ ქართული სამხედრო ძალების მზაობას, თუმცა, ვფიქრობ, ქართველებიც მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევდნენ რუსეთს. მე რომ თბილისში ვიყო, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, რომლის თავდაცვითი შესაძლებლობები 2014 წლის შემდეგ აშკარად გაიზარდა, ნატოს მივმართავდი – ,,გააკეთეთ ჩვენთვის იგივე, რაც გააკეთეთ უკრაინისთვის 2014 წლის შემდეგ, რათა შეგვეძლოს რუსეთისგან თავის უკეთ დაცვა“.
კიდევ ერთი საინტერესო მოდელი ტაივანის მოდელია. როდესაც აშშ-მა თქვა, რომ ტაივანი აღარ იქნებოდა ჩინეთის წარმომადგენელი გაეროში და ვთქვით, რომ ჩინეთს ახლა პეკინი წარმოადგენდა, მაგრამ ამავე დროს, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ტაივანის ურთიერთობების აქტზე, და ამით ვთქვით, რომ არ მივცემდით დიპლომატიურ აღიარებას, არ მივცემდით უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ ვიღებდით ვალდებულებას დავხმარებოდით ტაივანს, შეემუშავებინა და განევითარებინათ თავდაცვითი შესაძლებლობები.
როდესაც პეკინის მთავრობა ბრაზდებოდა ყოველ ჯერზე, როცა ტაივანს სამხედრო დახმარებას ვუწევდით, ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს დახმარება თავდაცვითი ხასიათის იყო. ჩვენ არ ვაწვდიდით მათ შემტევ აღჭურვილობას, მხოლოდ და მხოლოდ ვამარაგებდით იარაღით, რომლითაც დაბლოკავდნენ ჩინეთის შეჭრას კუნძულზე, რაც სრულიად განსხვავებული სამხედრო პრობლემაა საქართველოსთან შედარებით. საქართველოს, როგორც მთიანი მხარის, უპირატესობაა მისი რელიეფი. რუსებს შეუძლიათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლა, მაგრამ საქართველოს ძირითადი ნაწილის დაკავება უფრო რთულია.
მე-5 მუხლის ვალდებულება ამბობს, რომ თუ თქვენ ხართ ნატოს წევრი და თავს გესხმიან, ალიანსი დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გაივლის კონსულტაციებს, რათა გადაწყვიტოს – თუ როგორ შეუძლია მათი დახმარება, მათ შორის, ძალის გამოყენებითაც. ეს არ არის ძალის გამოყენების ვალდებულება! – ეს გრძელი პასუხია კითხვაზე: გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი? – არა, მე ვერ ვხედავ ამას ახლო მომავალში.
შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, სადაც მას აქვს შემდეგი საუკეთესო ვარიანტი – ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, გარანტიები, რომლებიც ეხმიანება უკრაინისთვის მიცემულ გარანტიებს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ გჭირდებათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ნატოსა და საქართველოს შორის სუბსტანციური პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც აჩვენებს, რომ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ისევე, როგორც უკრაინას აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ნატოსთან.
ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ გაიხსენეთ სირია და ქურთების მაგალითი. როდესაც ტრამპს სურდა სამხედროების გამოყვანა, ჯარისკაცებმა უარი თქვეს ქურთების მიტოვებაზე და საბოლოო ჯამში იპოვეს გზა, გააკეთეს პატარა გამონაკლისი და სანამ ქურთები არ გამოიყვანეს არც თვითონ წამოვიდნენ.
მაშ, რატომ უნდა შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი ნატოში გაწევრიანების განცხადების უკან წაღებით? ჩვენ არ ვეტყვით უარს საქართველოს, რადგან ნატომ პირველივე დღიდან განაცხადა, რომ არ ვაპირებთ იმის გაწერას – თუ ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია წევრობა. ამ განცხადებაში არის პატარა ფარისევლობა და მე ვამბობ ამას… რა თქმა უნდა, ნატოში ოცდაათი წევრია, არის 30 ქვეყანა, რომელსაც აქვს ვეტოს დადების საშუალება საქართველოს ან უკრაინის წევრობაზე და თუ, მაგალითად, ისლანდია იქნება უარზე, გაწევრიანება ვერ მოხდება. მონტენეგრო იყო გამონაკლისი.
ნატო ბიუროკრატიაა, ინერციით მოძრაობენ. თუ გარე სამყაროში რამე არ შეიცვლება, რატომ უნდა შეცვალოს მან სტრატეგია? მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა – თქვას, რომ ყველაფერი იცვლება. თბილისმა უნდა თქვას, რომ ,,უკრაინის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიყოთ შემდეგი და ეს არ დაგავიწყდეთ!“ – ეს შეიძლება პროვოკაციად აღიქმებოდეს, თუკი დაუყოვნებლივ გაკეთდება, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. მე რომ ვიყო საქართველოს მთავრობაში, დროის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა და ცოტახანს დავიცდიდი. ბიუროკრატიას ბევრი რამის გაკეთება ერთდროულად არ შეუძლია, ამიტომ ისინი დღეს ორიენტირებულები არიან უკრაინაზე.
აცადეთ, რომ ფინეთი და შვედეთი შევიდნენ ალიანსში. მე რომ ვიყო საქართველოს ელჩი ბრიუსელში თანამშრომლობის ფარგლებში, სიტყვით მიმართვისას ვახსენებდი, რომ ,,მოხდა ის, რასაც უკვე დიდი ხანია ვიძახით. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან რუსული ჯარი ჰყავს თავის ტერიტორიაზე. გვესმის, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, მაგრამ არ დაგვივიწყოთ!“ ასე რომ, გააკეთეთ მეტი, გადახედეთ დოკუმენტს – რა შეიძლება გაკეთდეს არსებული თანამშრომლობის ფორმატებში.
ჩვენ გვინდა, რომ ქართველი სამხედროები უფრო დაემსგავსონ უკრაინის 2022 წლის სამხედრო ძალებს და არა უკრაინის სამხედროებს 2014 წელს. ბისმარკს უთქვამს პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებააო. ასე რომ კონცენტრირდით იმაზე, რაც შესაძლებელია.