შვედეთის უდიდეს ყოველდღიურ გაზეთის „დაგენს ნიუტერ“-ში (Dagens Nyheter) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პეტერ ჰულქვისტი: „არსებობს საფრთხე, რომ საქართველო უკრაინის ომში იქნება ჩათრეული“ (ავტორი — ერიკ ულსონი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში შვედეთის თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელი ვიზიტის ამსახველი ფაქტები, მიმოხილულია ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ფონზე.
„ხურვალეთი პატარა სოფელია, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, ათიოდე მილის მოშორებით მდებარეობს. აქ მაცდური იდილიური მდგომარეობაა, მაგრამ სოფელი შეიძლება იმ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდეს, რომლის გახსნა რუსეთს შეუძლია, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იმპერიული ოცნებების რეალიზების მიზნით“, — აღნიშნავს ავტორი სტატიის დასაწყისში.
„ხურვალეთი სასაზღვრო ფორპოსტს წარმოადგენს „სამხრეთ ოსეთთან“ — საქართველოს შემადგენლობაში არსებულ რეგიონთან, რომლის ოკუპირება რუსეთის ჯარმა 2008 წელს მოახდინა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტულმა მთავრობამ კრემლს თხოვნით მიმართა, რომ რეგიონი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს — რეფერენდუმის მეშვეობით, რომლის ჩატარება ადგილობრივმა ლიდერმა გამოაცხადა. კითხვა ასეთი იქნება — გსურთ თუ არა სამხრეთ ოსეთის შეერთება რუსეთის ფედერაციასთან“, — ნათქვამია სტატიაში.
„პეტერ ჰულქვისტი იმ გამყოფ მიჯნას (ე.წ. „საზღვარს“) ეწვია, სადაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ევროკავშირის მისიის (EUMM) წევრების მიერ კონტროლდება. დღეისათვის ამ მისიაში 18 შვედი მსახურობს. „შვედეთს საქართველოსთან დიდი ხნის კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, მის უფლებას, რომ თვითონ გაატაროს ისეთი პოლიტიკა და აარჩიოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, როგორიც თვითონ სურს“, — ამბობს მინისტრი.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში პეტერ ჰულქვისტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავის კოლეგას, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.
„არის იმის საფრთხე, რომ უკრაინის ომი სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს… საქართველო კი ის ქვეყანაა, რომლის ირგვლივ რისკიანი სიტუაციაა შექმნილი. ვხედავ, რომ მოვლენების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა“, — აღნიშნავს შვედი მინისტრი.
საქართველომ ახლახან წარადგინა განაცხადი ევროკავშირში მიღების თაობაზე, თბილისის მჭიდროდ არის დაკავშირებული ნატოსთან, რომლის წევრობა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას სურს. ამასთან, პეტერ ჰულქვისტი თავს იკავებს იმის თქმისაგან, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირში „დაჩქარებული გაწევრიანების“ უფლებას და დაკმაყოფილდება თუ არა თბილისის ამბიციები ნატოში მიღებასთან დაკავშირებით.
პუბლიკაციაში გადმოცემულია ბლიც–ინტერვიუ შვედეთის
თავდაცვის მინისტრთან:
— რაში უნდა გამოიხატოს შვედეთის კონკრეტული დახმარება საქართველოს მიმართ?
— ჩვენ უკვე გვქვს ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების გეგმა, ვმონაწილეობთ ნატოს პროგრამებში, ვთანამშრომლობთ თავდაცვის საკითხებში როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროში.
— საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე თვლის, რომ შვედეთი და ფინეთი ერთად მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, როცა საქმე ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანამდე მივა. თქვენი აზრიც ასეთია?
— მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვედეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამ მომენტისათვის ჩვენ ვმუშაობთ ნატოსთან თანამშრომლობის ვარიანტებზე, რომლის გეგმა მაისის ბოლოს იქნება წარმოდგენილი და განვიხილავთ. რაც შეეხება ფინეთს, ჩვენს მეზობელთან თავდაცვის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამომავლო გადწყვეტილებების მიღების დროს.
სტატიის დასასრულს ავტორი შვედ მკითხველს „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ რამდენიმე ფაქტს აცნობს — გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ მონაცემებს, 2008 წლის აგვისტოს ომის მოკლე ისტორიას, რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის ოკუპირებას და მის „დამოუკიდებლად“ აღიარებას (აფხაზეთთან ერთად), რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობას და ა.შ.
თარგმნა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.dn.se/varlden/peter-hultqvist-oro-for-att-georgien-dras-in-i-ukrainakriget/