„მსოფლიოში კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ უფრო გაამწვავებს“ — ვახტანგ ჭარაია სამხედრო დაპირისპირების მძიმე ეკონომიკურ შედეგებს პროგნოზირებს. ექსპერტის შეფასებით, ომის ზეგავლენა რუსეთის, უკრაინის, ამერიკის, ევროპის ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება.
„ომის შედეგად ყველაზე დიდ ეკონომიკურ დარტყმას უკრაინა მიიღებს, მეორე იქნება რუსეთი. დაზიანებას მიიღებს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, ასევე, მათი მომხრეებიც, მათ შორის, საქართველოც. ნეგატიური ეკონომიკური იმპულსების მიღება გარდაუვალია.
რუსეთი მსოფლიოში მეორე ნავთობმიმწოდებელი ქვეყანაა, უჭირავს ევროკავშირის ბაზრის ნახევარი, არის ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, ასევე, სამშენებლო და ხე-ტყის მასალების. ამ ყველაფერზე მოსალოდნელია ფასების მატება. საქართველო, როგორც მრავალი პროდუქტის იმპორტიორი ქვეყანა, ამ კუთხით, დაზარალდება — რუსეთიდან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს, მათ შორის, ხორბალიც. ასევე, უკრაინაც მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი მომწოდებელია — ზეთი, ხორცპროდუქტები და ა.შ. შესაბამისად, მსოფლიოს პირველადი მოხმარების ბაზარზე ომი ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
საომარი მდგომარეობის გამო ინვესტორები, სავარაუდოდ, როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში ინვესტიციების ჩადებისგან თავს შეიკავებენ.
ეკონომიკური კრიზისი აისახება ფულად გზავნილებზე, რომელიც საქართველოში რუსეთიდან და, შედარებით ნაკლები რაოდენობით, უკრაინიდან შემოდიოდა. ორივე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, რაც უკვე დაწყებულია, ამ ორი ქვეყნიდან გამოგზავნილი ასეულობით მილიონი შემცირდება გაცვლითი კურსის ეფექტის გამო.
იმ შემთხვევაში, თუ საომარმა მოქმედებებმა შავ ზღვაზე გადაინაცვლა, ეს ხელს შეუშლის საქართველოს პორტებში ტვირთების მიღება-გაცემის პროცესს, რაც ქვეყანაში როგორც ფინანსურ, ასევე, ინფლაციის კუთხით პრობლემებს გამოიწვევს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა გავლენას იქონიებს ტურიზმზე. რეგიონში არასტაბილურობის გამო, ზოგადად, ტურისტული ნაკადი შემცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ტურისტების ძირითად ნაწილს რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ.
ფაქტია, რომ ფასების, გაცვლითი კურსის სტაბილურობა მაღალი რისკის ქვეშ ექცევა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ვფიქრობ, თუ ომი დროში გაიწელება, ეკონომიკური შედეგები კიდევ უფრო დამძიმდება“, — აცხადებს ვახტანგ ჭარაია.