ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის ფეისბუკ-გვერდზე ფოტო აიტვირთა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება იმთავითვე მიიპყრო. მინაწერში ვკითხულობთ: „ეს უნიკალური ფოტო 80-იან წლებში ბიჭვინთაშია გადაღებული. ოთარ ჭილაძე იყო ჩასული აფხაზეთში. მას გურამ ოდიშარია და რაულ ჩილაჩავა ესტუმრნენ და ეს ფოტო დარჩა ისტორიას…“
დაკვირვებული თვალი იოლად შენიშნავდა, რომ კადრი არასრული იყო და ფოტოს მარცხენა კიდეზე უცნობი ადამიანი ჩამოუჭრიათ. გურამ ოდიშარიასა და რაულ ჩილაჩავასთან გასაუბრებით არა მხოლოდ ამბის აღდგენა გახდა შესაძლებელი, არამედ იმ ადამიანის სახისა და სახელისაც, რომელიც ჩამოჭრილი იყო კადრიდან. ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.
„ეს ფოტო მოჭრილია. მე მაქვს სრული ვერსია, სადაც უკრაინელი კაცი ჩანს, შავგრემანი. ეტყობა ვისაც ეს სურათი ჩაუვარდა, ვერ იცნო ეს კაცი და ჩამოჭრა…”, — ჰყვება გურამ ოდიშარია…
ვინ არის ეს კაცი ფოტოს სრულ ვერსიაში?
გურამ ოდიშარია: „1980 წელია. 29 წლის ვარ. მე და რაული მეგობრები ვართ ყმაწვილკაცობიდან. იმ დროს რაული სოხუმშია სტუმრად ჩამოსული. ბიჭვინთაში მწერალთა შემოქმედებითი სახლი იყო, სადაც მთელი საბჭოთა კავშირიდან იყრიდნენ თავს მწერლები. ერთხელ, გაგრელმა მეგობარმა, ვოვა ჟოლოგუამ გვთხოვა ჩავსულიყავით. მაშინ იქ იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე, ელგუჯა მაღრაძე, აფხაზი მწერლებიც, რომლებიც იქ ისვენებდნენ. ცხადია, წავედით მე, რაულ ჩილაჩავა და შუქრი დგებუაძე. შუქრი დგებუაძე ჩემი თანაკლასელია. ახლა თბილისში ცხოვრობს. მე და ოთარ ჭილაძე მანამდეც ვმეგობრობდით. ჩამოვსხედით სკამზე სასაუბროდ და შუქრიმ ფოტო გადაგვიღო.
ეს ფოტო ზღვიდან, დაახლოებით, 50 ნაბიჯშია გადაღებული. ახლა რომ ამ კადრს ვუყურებ, იმას ვგრძნობ, რაც მანამდე ვერ შევიგრძნობდი. ადამიანები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ჩამოდიოდნენ სოხუმში, ამ ქალაქის გაუნელებელი სიყვარული მიჰყვებოდათ თან. მიჰყვებოდათ პირველი სიყვარულის ამბავი; ის, თუ როგორ ისწავლეს ცურვა; ის, თუ როგორი სამოთხე იყო სოხუმი… მე იქ დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობა იყო და, თითქოს, ვერ ვგრძნობდი, რომ ეს მართლა სამოთხე იყო. ეს იყო დამსვენებლების მუხტით დამუხტული ქალაქი. დამსვენებელი კი შამპანურივითაა. ლაღია. ჩვენ ვნებივრობდით… სახეზეც ხომ გვახატია?
რაულ ჩილაჩავა: „სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ეს კადრი ვინ და როგორ გადაიღო. მერე გავიგე, რომ შუქრი დგებუაძეს გადაუღია — სოხუმელ ჟურნალისტს. იმ პერიოდში ბიჭვინთის შემოქმედებით სახლში ვისვენებდი. გაგრელი მწერლის ვოვა ჯოლოგუას რომანის გამოსვლა უნდა აღგვენიშნა და გურამი სოხუმიდან ჩამოვიდა. ბატონი ოთარიც ამ ამბის გამო მოიწვიეს.
უკვე აღდგენილ, პირველი ვერსიის ფოტოზე ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი, უკრაინელი პოეტი და მოქანდაკე, მირგოროდში დავით გურამიშვილის ძეგლის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე ანდრეი ნიმენკო ზის. 1968 წელს უკრაინაში ქართული ლიტერატურის დეკადა მზადდებოდა და ძეგლიც სწორედ იმ დეკადისთვის უნდა მოესწო ავტორს. ხშირად დავდიოდი მასთან სახელოსნოში. სხვათაშორის, ანდრეი ნიმენკოს დავით გურამიშვილის ძეგლისათვის მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი. ანდრეი 1924 წელს იყო დაბადებული. მართალია, ჩემზე ბევრად უფროსი იყო, დედაჩემის ხნის იყო, მაგრამ ვმეგობრობდით. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია გამოჩენილ უკრაინელ მოქანდაკეზე, ივანე კავალერიძეზე, რომელიც როდენის მოწაფე იყო.
ახლა ისევ ამ ფოტოს დავუბრუნდეთ და ბატონ ოთარ ჭილაძეს. ბატონი ოთარი სწორედ იმ დეკადაზე გავიცანი, ზემოთ რომ აღვნიშნე უკვე. მაშინ საქართველოდან მწერლების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა — თვით კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ბესო ჟღენტი, ძმები ჭილაძეები, ჯანსულ ჩარკვიანი, ხუტა ბერულავა, სხვები დ სხვები. სწორედ მაშინ გავიცანი მთელი ქართული მწერლობის ასეთი დიდი წარმომადგენლობა. მე და ბატონ ოთარს უკრაინაში საერთო მეგობარი გვყავდა, ივან ტრაჩი. ის ოთარ ჭილაძის საუკეთესო მეგობარი იყო და მმფარველობდა, როგორც ახალგაზრდა ქართველ პოეტს. ჩემი პირველი უკრაინული წიგნის წინასიტყვაობა მან დამიწერა და უკრაინის მწერალთა სახლში შესასვლელადაც მანვე გამიწია რეკომენდაცია. სხვათაშორის, კიევში ოთარ ჭილაძის ლექსების კრებული ჩემი ბწკარედების მიხედვით ითარგმნა.
საუბრის ბოლოს ჩემს რესპონდენტებს შევთავაზე ეს ფოტო ჩვენი მკითხველისთვის ეჩუქებინათ, ცხადია, ავტოგრაფით.
რაულ ჩილაჩავა: მართლა შემთხვევითობა და ბედის საჩუქარია, როდესაც სურათზე ასეთი დიდი ადამიანის გვერდით აღმოჩნდები. ცხოვრებაში ბევრ ვინმესთან მქონია ურთიერთბა, მაგრამ ასე არ გამმართლებია. აი, მაგალითად, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი იყო უდიდესი უკრაინელი პოეტი ნიკოლა ვინგრანოვსკი, რომელთანაც ერთი ფოტოც კი არ გადამიღია, თურმე. ბატონ ოთარს იშვიათად ვხვდებოდი და ბედმა ასეთი შესაძლებლობა მაჩუქა. მის გვერდით აღმოვჩნდი და ამ ფოტოზე ეს წამი ბედნიერ მოგონებად დარჩა.
გურამ ოდიშარია: ახლა, როცა ეს ყველაფერი იმ სიჭაბუკესთან ერთად გაქრა, ვგრძნობ, რომ აფხაზეთი მართლა სამოთხე იყო. გოგენის ტილოები მახსენდება ტაიტიზე რომ ხატავდა. როგორი ფერებია, როგორი სახეებია — მშვენიერი,ლამაზი და ჩვენი ურთიერთობებით გამთბარი…
P.S. როგორც ჩანს, ამ ფოტოსთან მიბრუნება კვლავ მომიწევს, რადგან აღდგენილი კადრის მარცხენა კიდეზე კიდევ ერთი ადამიანი მყავს მისაგნები.