გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე
— „უკრაინა გაწირეს“ — აქვს თუ არა ამ ფრაზას არსებობის უფლება?
— ამ ფრაზას ახსნა არ აქვს, რადგან უკრაინა არავის გაუწირავს. ამ ყველაფერს ორი მიმართულებით უნდა შევხედოთ. დასავლეთს არსად უთქვამს, რომ სანქციები რუსეთის შესაჩერებლადაა, ეს იმისთვისაა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გადაიხადოს ფასი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფასს ის უკვე იხდის. მაგალითად, სანქციების დაანონსებიდან პირველ დღეს რუსეთის ეკონომიკამ 39 მლნ დოლარი იზარალა, რაც კოლოსარული თანხაა ერთი დღისთვის. ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ რუსულ ბირჟებზე მსხვილი კომპანიების აქციების ფასი თითქმის 50%-ით დაეცა; გაჩერდა ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე; ვხედავთ — როგორია რუბლის გაუფასურების ტემპი; ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციას შეეზღუდა წვდომა საერთაშორისო ვალუტებზე, როგორებიცაა: დოლარი, ევრო, სტერლინგი და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს არის მძიმე ეკონომიკური ნაბიჯები, რაც რუსეთის ფედერაციის მისამართით გადაიდგა და აქვს კიდეც ასეთი მყისიერი ეფექტი, მაგრამ, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სანქციათა დამატებით პაკეტს ასევე გრძელვადიანი ეფექტები ექნება. მეორე მხრივ, უნდა შევხედოთ, რომ უკრაინა არ იყო მარტო არც სამხედრო თვალსაზრისით, თუნდაც, ომის მზადების პროცესში, როცა რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ძალების თავმოყრას უკრაინის საზღვართან. მხოლოდ აშშ-მ 650 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შეტევითი შეიარაღება მიაწოდა უკრაინას, არაფერს ვამბობ ბრიტანეთისა და პოლონეთის დახმარებაზე; ასევე, იარაღით მოამარაგეს უკრაინა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა და ჩვენ უკვე ვისმენთ საკმაოდ მძიმე რიტორიკას „ნატოს“ წევრი სახელმწიფოებისგან.
ჩვენ, ასევე, ვხედავთ თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ბოსფორის სრუტე ჩაიკეტა რუსული ხომალდებისთვის და, შესაბამისად, მხოლოდ იმ გემებს ექნებათ სრუტეზე გავლის საშუალება, რომლებიც შავი ზღვიდან ბრუნდებიან ბაზაზე. შავ ზღვაში შესვლა რუსული გემების და რუსული საზღვაო ძალების დამატებითი ხომალდებისთვის გახდა შეუძლებელი დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძელზე. ესეც არის პრაქტიკულად ქმედითი დამხარება, რადგან არ არის პოლიტიკურად იოლი გადაწყვეტილება — რუსეთის ტიპის სახელმწიფოს, რომელიც ომს აწარმოებს, უარი უთხრა მისი ჯარის ნაწილების გადაადგილებაზე (აღარაფერს ვამბობ, რომ თურქეთიც ამარაგებდა უკრაინას იარაღით).
— როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კიევის მარცხის შემთხვევაში?
— ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მედეგი აღმოჩნდება უკრაინული საზოგადოება, რადგან კიევის დაცემა არ ნიშნავს უკრაინის დაცემას და მთავრობის ჩამოშლას — ეს ერთი. მაგრამ მეორე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, თუ რამდენად იოლი იქნება რუსეთისთვის კიევის დაკავება. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ძალიან ჩქარობენ ამას და ეს გასაგებიცაა, რადგან ორასიათასიანი არმია (თუნდაც, ყველაზე მაქსიმალური რიცხვი რომ დავთვალოთ), რაც დღეს რუსეთს ჰყავს წარმოდგენილი ბრძოლის ველზე, არ არის ფიზიკურად საკმარისი უკრაინისხელა სახელმწიფოს ტერიტორიული ანექსიისათვის, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინას ასევე გააჩნია მრავალრიცხოვანი არმია და რეზერვები, რომლის მობილიზაციაც დაიწყო. შესაბამისად, რუსეთი ეცდება უსწრაფესად დაიკავოს კიევი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა — ეს ასევე უსწრაფესად გამოუვიდეს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ პრაქტიკულ შეცდომას, რომელიც რუსებმა უკვე დაუშვეს: მაგალითად, დესანტის გადასმა ზურგის დახმარების გარეშე, რომ ნაწილებისთვის გაეკაფათ გზა. შემდგომში უკვე განადგურებულ დესანტს მოუსწრო სატანკო ნაწილებმა, რომლებიც მისი მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მთლიანობაში სიტუაცია საკმაოდ რთულია და, დიდი ალბათობით, პირველი შოკის გადავლის შემდეგ, უკრაინული თავდაცვა უფრო მეთოდურად გააგრძელებს მუშაობას.
— ამ ვითარებაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების ფაქტორია ძალიან საყურადღებო…
— რუსეთის ფედერაცია ამ მოქმედებით ქმნის ბირთვულ საფრთხეს უკრაინაში. მთელი რუსეთის ნარატივი აგებული იყო იმაზე, რომ ნატო ძლიერდება აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ამ მოქმედებებით რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში ბევრად უფრო კონსოლიდირებული და გაძლიერებული ნატოს ძალები მიიღო! ანუ, დეკლარირებული მიზანი რაც იყო, რომ ნატო განეიტრალებულიყო და დაეხია მას უკან — აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთით, ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო ოპერაციის ეს გეოპოლიტიკური ამოცანა ვერ შესრულდა. პირიქით, რუსეთმა აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მიიღო.
მოამზადა დიანა ჩირგაძემ