უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა – 93%, თვლის, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის ფედერაციის თავდასხმის მოგერიებას, ხოლო გამარჯვების იმედი ქვეყნის ყველა რეგიონში დომინირებს, – ნათქვამია სოციოლოგიური ჯგუფის მიერ 18 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47%) იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან ომის მოგებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. მეოთხედს (23%) სჯერა, რომ ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდება. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ომი დასრულდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ან კიდევ უფრო გაიწელება. პრაქტიკულად არ არსებობენ ის უკრაინელები, ვისაც საერთოდ არ სჯერა გამარჯვების. 17%-ს მაინც გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ომის დასრულებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას მხარს უჭერს გამოკითხულთა 74%, მეოთხედი კი – არა. პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეები ოდნავ მეტია ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაციასთან დროებითი ზავის გაფორმება უკრაინის ტერიტორიიდან მისი ჯარების გაყვანის გარეშე, მოსახლეობის 89%-ის აზრით, მიუღებელია.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18 წელზე მეტი ასაკის 1000 რესპონდენტმა. გამოკითხვა CATI მეთოდით (კომპიუტერის დახმარებით სატელეფონო ინტერვიუები) ჩატარდა.