უკრაინელი ფილოსოფოსი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვების — Ukraine World-ის რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო ამბობს: „უკრაინა დასავლეთმა შთააგონა და ახლა დროა, რომ მან დასავლეთი შთააგონოს“. უკრაინელი ფილოსოფოსი აქცენტს აკეთებს უკრაინულ იდენტობასა და უკრაინელი ხალხის დასავლეთისადმი მისწრაფებების არსზე.
თავისუფლება — უკრაინის, როგორც პოლიტიკური ერის, იდენტობის
მთავარი მახასიათებელია
ახლა უკრაინაზე წერა შემაძრწუნებელია. კიევი, ჩვენი დედაქალაქი ბომბების გარემოცვაშია. ცნობები მომდის, რომ ახლო მეგობარი ქვეყნის დაცვას შეეწირა. ანგარიშები აჩვენებს, რომ ბომბები საცხოვრებელ სახლებს ხვდება, საავადმყოფოებს და ქალაქის ცენტრალურ მოედნებს. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ეს რეალობა. თუ კიევში, ხარკოვში, ჩერნიგორში ან სხვა დიდ ქალაქში რჩებით, ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ ერთ თვეში ისევ ცოცხალი იქნებით.
მთავარია, სამყარომ გაიგოს ერთი რამ: უკრაინა ეწინააღმდეგება და ყოველთვის შეეწინააღმდეგება მტერს. უკრაინას დამოუკიდებლობის დაუოკებელი სურვილი აქვს. ეს სურვილი, უკვე საუკუნეებია, აქვს და ახლა მთელი ძალით მოჰყავს სიცხადეში. თავისუფლება — უკრაინის, როგორც პოლიტიკური ერის, იდენტობის მთავარი მახასიათებელია.
უკრაინის პოლიტიკური კულტურა ეფუძნება ანტიტირანულ, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ღირებულებებს. რუსეთში კი უმრავლესობას მოსწონს თავისი მეფე; უკრაინელები კი მის ოპოზიციასთან იდენტიფიცირდებიან, ისინი პოლიტიკაში სოციალურ კონტრაქტს ხედავენ. ეს მომდინარეობს ადრეული ეპოქიდან, როდესაც უკრაინელი მეომრების ფენა, ცნობილი როგორც კაზაკები, თავიანთ ლიდერებთან შეთანხმებებს დებდნენ, რომლებიც უზრუნველყოფდა მათი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ასეთ აზროვნებას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. კაზაკი, თავისუფალი მეომარი ღია სტეპში, უკრაინული იდენტობის ერთ-ერთი სიმბოლოა.
უკრაინა ასევე პოლიტიკური ერია. ის არ არის დაფუძნებული რომელიმე ეთნიკურ, ენობრივ ან რელიგიურ იდენტობაზე. ის პლურალისტურია. შეგიძლიათ იყოთ უკრაინულენოვანი, რუსულენოვანი ან ყირიმელი თათარი და მზად იყოთ უკრაინის დასაცავად. თქვენ შეიძლება იყოთ უკრაინელი მართლმადიდებელი, ბერძენი კათოლიკე, რომაელი კათოლიკე, პროტესტანტი, მუსლიმი ან ებრაელი და გვერდში დაუდგეთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. უკრაინას ჰყავს ებრაული წარმოშობის რუსულენოვანი პრეზიდენტი. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასეთ ადამიანებს „ნაცისტებს“ უწოდებს, ის მხოლოდ თავის ფანატიზმს ავლენს.
ჩვენ მომავალს შევცქერით და არა წარსულს
უკრაინელები კულტურულად განსხვავდებიან რუსებისგან. უკრაინული ენა არ არის იგივე რუსული (მას უფრო მეტი საერთო სიტყვა აქვს ბელარუსულთან და პოლონურთან, ვიდრე რუსულთან), განსხვავებული კულტურა, განსხვავებული მუსიკა, განსხვავებული ვიზუალური კოდები და ეროვნული ტანისამოსი. როდესაც ბატონი პუტინი ბრძანებს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი და იგივე ხალხია, ის უბრალოდ კი არ ცდება, არამედ სცილდება იმასაც, რასაც საბჭოთა პროპაგანდისტები აცხადებდნენ. მათ აღიარეს განსხვავება უკრაინელებს, რუსებსა და ბელორუსებს შორის.
პუტინი უფრო არქაულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი. ის უბრუნდება მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიას თავისი იდეით, რომ არსებობს საერთო „რუსი“ ერი, მათ შორის „დიდი რუსები“, „პატარა რუსები“ (უკრაინელები) და „თეთრი რუსები“ (ბელორუსელები). ეს არის ილუზია, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს კრიმინალური ილუზიაა, რომელიც უბიძგებს მას ომი გამოუცხადოს უკრაინას და განახორციელოს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ხარკოვი, სადაც რუსულ ენაზე ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს.
დღევანდელი რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელებს არ აქვთ ნოსტალგია. წარსული ჩვენთვის ძირითადად მტკივნეული გამოცდილებაა, ამიტომ არცერთ ოქროს ხანას არ ვიხსენებთ. არჩევნების ისეთი სლოგანით, როგორიცაა „მოდით, უკრაინა კვლავ დიდებული გავხადოთ”, აქ ვერ მოიგებ. „ისევ“ — ჩვენთვის ცუდი სიტყვაა, ჩვენ მომავალს შევცქერით და არა წარსულს.
უკრაინის უახლესი ისტორია — ეს არის ღირსების და ღირებულებების გადაადგილების ამბავი აღმოსავლეთისკენ. ღირსება, რომაული სიტყვაა, რომელიც საზოგადოების ზედა ფენებისგან განუყოფელ თვისებას ნიშნავდა, რომელიც თანდათანობით მთელ დასავლეთში გავრცელდა და ახლა საკუთარ თავში ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებას მოიაზრებს.
ეს შესანიშნავი ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ უკრაინული
იდენტობის ტრანსფორმაცია
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი უკრაინული იდენტობის გრძნობა უფრო ინტენსიური და ცხადი გახდა. 2014 წლიდან დაწყებული რუსული აგრესია დაეხმარა მის გამყარებას იმ ადამიანებში, რომლებიც, შესაძლოა, ადრე რუსულ კულტურასთან ან რუსულ საინფორმაციო სივრცესთან უფრო ახლოს გრძნობდნენ თავს. პუტინის ჩარევამ ეს პროცესი დააჩქარა. როდესაც რუსები იჭრებიან სახლებში და ანგრევენ ხარკოვის ცენტრალურ მოედანს აღმოსავლეთ უკრაინაში, ყოველი გასროლა ამცირებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც რუსეთს თანაუგრძნობს. ადამიანები, რომლებიც ათი წლის წინ ფიქრობდნენ, რომ რუსულ კულტურულ სივრცეს ეკუთვნოდნენ, ახლა უკრაინულ იდენტობას გრძნობენ. მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსულად ან წავიდნენ რუსულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ისინი უკრაინელები არიან. რუსეთმა წააგო ბრძოლა მათი გულისა და გონებისთვის.
დაბოლოს, უკრაინელებს სულ უფრო და უფრო სურთ ევროპასთან ყოფნა. დაახლოებით 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 76% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. რუსებისგან განსხვავებით, რომელთა დიდი ნაწილიც დასავლეთს თავის მტრად მიიჩნევს, უკრაინელები, ძირითადად, თავს ევროპელებად გრძნობენ და სურთ დასავლეთის ნაწილი გახდნენ. მაშინ, როცა პუტინი მათ ტანკებით უპირისპირდება, ისინი ახალი ენერგიით იმუხტებიან ევროპული ღირებულებებისკენ და წარმოუდგენელ გამბედაობას ავლენენ მათ დაცვაში.
ეს შესანიშნავი ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ უკრაინული იდენტობის ტრანსფორმაცია. ეს არის ევროპული ღირებულებების გაფართოება აღმოსავლეთით. ეს არის ისტორია ევროპული იდეის სიძლიერეზე, რომელსაც დღევანდელი ევროპა ზოგჯერ ერიდება. ეს არის ევროპული ჰუმანიზმის ისტორია, რომლის ფესვებიც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში, რომაული რესპუბლიკანიზმის მეშვეობით, იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებამდე განმანათლებლობისა და ანტინაცისტური წინააღმდეგობის იდეებით გვხვდება. პუტინის იმპერიისადმი წინააღმდეგობით უკრაინელები აჩვენებენ, რომ ამ ჰუმანისტურ ტრადიციას აქვს ძალა, ენერგია და გამბედაობა, რომ დაიცვას თავი.
წყარო — „ეკონომისტი“