მიუხედავად იმისა, რომ ლუცკი დასავლეთ უკრაინაშია — არც თუ ისე ახლოს ფრონტის ხაზთან — რუსულ ბომბებს მაინც ვერ დაემალა: მარტის შუა რიცხვებში, უკვე ხელმეორედ, ქალაქის აეროდრომი დაბომბეს. 29 წლის ინტერიერის დიზაინერი იანა სუპრუნიუკი საკუთარი ბინიდან ხედავდა აფეთქებებს და, როგორც ჩანს, საკუთარი ტელეფონის კამერით გადაღებული კადრების ყურებისას მსგავსი რეაქცია აქვს — შოკი. 23 მარტს, დილის 5 საათზე, მრავალდღიანი ორჭოფობის შემდეგ, იანა და მისი მეგობარი პოლონეთის საზღვრისკენ გაემგზავრნენ, სადაც მოხალესეებმა ისინი ვარშავის ცენტრალურ სადგურამდე მიაცილეს. მეგობრები ბერლინის ბილეთის რიგში ჩადგნენ.
იანა და მისი თანამგზავრი შეუერთდნენ უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილთა ტალღას, რომლის რაოდენობაც სულ მალე 4 მილიონს ასცდება. ამას დავუმატოთ კიდევ 6.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი უკრაინის შიგნით. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. თუ ომი გაგრძელდა, ხოლო 60 წლამდე მამაკაცებს მიეცათ ქვეყნის დატოვების უფლება, ლტოლვილთა რაოდენობა გასამმაგდება — რაც, საბოლოო ჯამში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იქნება ისტორიაში.
ომის საწყის სტადიაზევე ქვეყნიდან წასულთა რაოდენობა უსწრაფესად იზრდებოდა -დიახ — 1 მილიონი ადამიანი კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაკადი თითქმის ორჯერ შემცირდა, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, გაეროს სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ არნახული გამოწვევების წინაშე დგანან. „ერთდროულად გვიწევს ხიდის შენება და ამავე ხიდზე გასვლა“, — განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
რა შედეგებს მოუტანს ეს ყოველივე ევროპას, ბუნდოვანია, თუმცა, სავარაუდოა, რომ მასზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს მოუწევს საზღვარგარეთ გაჩერება ხალხს, რომელიც სახლში დაბრუნებას რამდენიმე კვირაში აპირებდა (და აპირებს) — ისევე, როგორც იანა სუპრუნიუკი. თუკი კონფლიქტი გაგრძელდა — რაც, სავარაუდოდ, გარდაუვალია და ლტოლვილთა რიცხვი გაიზარდა, ევროპის პოლიტიკა, ეკონომიკა და მიგრაციისადმი შეხედულებები მნიშვნელოვნად შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპამდე, მოცემულ საკითხებზე დასავლეთის რეაქცია ისეთი იყო, როგორიც ეს განმანათლებლობას შეეფერება, რეალობა შეიძლება შეიცვალოს თუ მმართველობები ვერ შეძლებენ ლტოლვილთა მიღებასა და ინტეგრაციას, რის შედეგადაც კოლექტიურ და ტოტალურ იმედგაცრუებას მივიღებთ.
არსებულმა კრიზისმა თავდაყირა დააყენა წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ევროპა ხალხის ნაკადზე. უკრაინულმა ექსოდუსმა (მასიური გასვლა) თითქმის სამჯერ გადააჭარბა 2015 წელს სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსული ხალხის ნაკადს, რომელსაც თავდაპირველად გერმანია და შვედეთი ხელგაშლილები დახვდნენ, თუმცა, შემდგომ მთელი ევროპის მასშტაბით ანტისაემიგრაციო პოლიტიკის მიმართ მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა, რამაც განაპირობა ევროპის საზღვრებზე ზომების გამკაცრება, თურქეთთან მოლაპარაკება მიგრანტების შეკავების თაობაზე.
თავშესაფრის მაძიებელთა უკან გაბრუნება და, ზოგადად, თავშესაფრის იდეის, როგორც ასეთის, გადააზრება ევროპელ პოლიტიკოსებში
უკრაინის კრიზისზე საპასუხოდ ევროპამ ფეხსაწმენდები დააგო წარწერით: Welcome — როგორც გადატანითი, ისე — პირდაპირი მნიშვნელობით. 3 მარტს ევროკავშირმა, პირველად, დროებითი თავშესაფრის შესახებ განკარგულება გასცა, რითაც უკრაინელებს ევროკავშირის წევრ 26 ქვეყანაში (დანიის გამოკლებით) მიეცათ ცხოვრების, მუშაობისა და ბენეფიტების მიღების უფლება. 2015 წლის ლტოლვილებისგან განსხვავებით, უკრაინელებს არ მოუწევთ თავშესაფრის მისაღებად დროში გაწელილი და გაურკვეველი პროცედურების გავლა და არ ექნებათ შეზღუდვა კარვების გაშლაზე. უკრაინელებს ძირითადად იღებენ ის ქვეყნები, რომლებიც მაშინდელი ლტოლვილების მიმართ არაკეთილგანწყობილები იყვნენ. პოლონეთმა 2.2 მილიონი უკრაინელი შეიფარა, 340.000 მიიღო ვიქტორ ორბანმა, რომელმაც 2015 წელს ლტოლვილებს პირდაპირი მნიშვნელობით საზღვარი შემოუღობა, ამ პროცესში ჩაერთვება აშშ-ც. ჯო ბაიდენმა 24 მარტს განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა მიიღოს 100.000 უკრაინელი ლტოლვილი და, ამასთან ერთად, ევროპას 1 მილიარდი დოლარი მისცეს ხალხის ნაკადის გასამკლავებლად. კანადამ, რომელსაც რუსეთის შემდეგ უდიდესი უკრაინული დიასპორა ჰყავს, განაცხადა, რომ მზადაა მიიღოს იმდენი უკრაინელი, რამდენსაც მოესურვება.
ასობით ათასი ევროპელი უთმობს ოთახებს თავიანთ სახლებში უკრაინელებს. პოლონეთის მთავრობა მოხალისეების მიერ მსგავს გადაწყვეტილებებს ახალისებს და მასპინძლებს ყოველდღიურად 40 ზლოტს (9 $) უხდის 2 თვის განმავლობაში. ბრიტანეთი მსგავს გადაწყვეტილებას თვეში 350 ფუნტს (460 $) უხდის, თუმცა არსებული ბიუროკრატია ბევრი უკრაინელისთვის ბრიტანეთში მოხვედრას ართულებს. სტუმართმოყვარეობას იჩენს აგრეთვე იტალია, სადაც ასევე დიდი უკრაინული დიასპორაა. თუკი უკრაინული მოსახლეობა ომამდე მოდენას ჩრდილოეთ პროვინციაში 5.000 იყო, ახლა 2.200-ით გაიზარდა. ოფიციალური სტრუქტურები ლტოლვილ ბავშვებს ადგილობრივ სკოლებში ანაწილებენ.
2015 წლის სირიელ და ამჟამიდელ უკრაინელ ლტოლვილთა მიმართ ევროპის მხრიდან განსხვავებული მიდგომების მიზეზი მხოლოდ უკრაინელების შედარებით ღია ფერის კანსა და ქრისტიანულ აღმსარებლობაში არ უნდა ვეძებოთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ უკრაინელ ლტოლვილთა მიღება ამჟამინდელი საომარი მობილიზაციის ნაწილია, ომისა, რომელშიც ნატო და ევროკავშირი მართალია არა პირდაპირ, მაგრამ სრული სერიოზულობით არიან ჩართულნი. ადამიანის უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ევროპის სტუმართმოყვარე განწყობა გაუძლებს ომს და, შესაბამისად, ლტოლვილთა დამატებითი რაოდენობის მიღებაც შესაძლებელი იქნება. „ახლა პედაგოგიკის დროა“, — აღნიშნა ჰარლემ დესირმა არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-დან (გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტი).
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მასპინძელი ქვეყნების მიერ უკრაინელთა ინტეგრაცია, რისი გარანტიებიც, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს — უკრაინის მეზობელი ქვეყნები უკვე საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაში არიან. მოლდოვამ უკვე მიიღო 370.000 ლტოლვილი — ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეათედი. უკრაინელთა დიდი ნაწილი სწორედ მოლდოვაში რჩება ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ იქ რუსულად საუბარი შესაძლებელია. მოლდოვაში აგრეთვე რჩება ღარიბ ლტოლვილთა დიდი რაოდენობა. ამ ყოველივეს ფონზე, მოლდოვაში იმატა ადამიანებით მოვაჭრეთა რაოდენობამ, რომელთა გარჩევაც დახმარების ხელის გამწვდენი მოხალისეებისგან (იანა სუპრუნიუკის მაგალითი) ურთულესი ამოცანაა.
ნაწილობრივ გადატვირთულია პოლონეთიც. დაახლოებით 300.000 ლტოლვილია დედაქალაქ ვარშავაში, რითაც ამ უკანასკნელის მოსახლეობის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა. 100.000-ზე მეტი უკრაინელი კრაკოვშია — პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც, დაახლოებით, 780.000 ადამიანი ცხოვრობს. „მეტი ადამიანი ნიშნავს უარეს პირობებს“, — აღნიშნა ვარშავის მერმა რაფალ ჩასკოვსკიმ.
მეტი ადამიანი ნიშნავს უარეს პირობებს
ბატონი ჩასკოვსკის აზრით, ლტოლვილთა დასაბინავებლად „ევროპული ან სულაც გლობალური სისტემაა“ საჭირო, რასაც ბოლო კვლევების მიხედვით, პოლონელთა სამი მეოთხედი ეთანხმება. მთავრობისთვის რთულია იმის თქმა, რომ ლტოლვილებმა თავად უნდა გადაწყვიტონ — თუ სად დასახლდებიან. ვარშავის მერის განცხადება მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ბევრთაგან: ასე მაგალითად — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გამოვიდა „ჰუმანიტარული ჰაბების“ ინიციატივით, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის მასშტაბით ლტოლვილთა ნაკადისთვის ერთგვარი კალაპოტის შექმნას გულისხმობს, რაც მათ ეფექტურ გადაადგილებას გაამარტივებს. ჰარლემ დესირის აზრით, საჭიროა ერთგვარი მექანიზმის მოფიქრება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში ლტოლვილთა მიღებაზე არსებული დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „ბევრია ადგილი, სადაც მათ ხალხი ხელგაშლილი ელის“, — ამბობს დესირი, თუმცა ლტოლვილებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია — თუ სად არის კონკრეტულად მსგავსი ადგილი. ეს პრობლემა უფრო სერიოზული გახდება მაშინ, როდესაც გაიზრდება იმ ლტოლვილთა რაოდენობა, რომელთაც ევროპის მასშტაბით კავშირები ნაკლებად ან თითქმის არ აქვს.
ის ქვეყნები, რომელთა გავლა 2015 წელს სირიიდან გამოქცეულებს მოუხდათ (საბერძნეთიდან ბელგიამდე), საკმაოდ გაუმჯობესდნენ ლტოლვილთა რეგისტრაციისა და მათ შესახებ მონაცემთა დამუშავების მხრივ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ ახალი კანონების მიღებასთან ერთად ახალი ინსტიტუციები ჩამოაყალიბა ლტოლვილთა ინტეგრაციის მიზნით. ბერლინის სკოლებში ახლადშესული უცხოელი მოსწავლეებისთვის გერმანული ენისა და ცხოვრების ადგილორივი სტილის გაცნობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, რამდენადაც თავშესაფართან დაკავშირებულ პროცედურებზე უარი ითქვა, პასუხისმგებლობა გადაეცათ მინისტრებსა და მუნიციპალიტეტებს, რომელთათვისაც მსგავსი მომსახურების მიმართ მოთხოვნის უეცარი გაზრდა მოულოდნელი გამოდგა. „ლტოლვილთა მუშაობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სააგენტოები პანიკაში არიან“, — აცხადებს ჰანე ბეირენსი — ბრიუსელში მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი. როგორც ცნობილია, ბელგიაში, დაახლოებით, 200 000 უკრაინელ ლტოლვილს ელოდებიან.
ლტოლვილები — ტვირთი თუ სასარგებლო მოვლენა ეკონომიკისთვის
ლტოლვილები შეიძლება აღმოჩნდნენ როგორც ტვირთი, ისე — სასარგებლო მოვლენა ეკონომიკისთვის. თუკი რეგიონში 4 მილიონი ლტოლვილი დასახლდება, ბანკი „გოლდმან საქსის“ ვარაუდით, ევროკავშირის 4 უდიდესი ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 0.2%-ს დახარჯავს მათ დასახმარებლად, რაც მოკრძალებული თანხაა. თუმცა, საქმე ისაა, რომ ეს თანხა ემატება ომთან დაკავშირებულ ხარჯებს. საბოლოო ჯამში, ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 1.1%-ით გაიზრდება.
თუკი უფრო ფართოდ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ახლაა ხელსაყრელი დრო. გასული წლის მონაცემებით, ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი 7%-ზე ნაკლებია. გერმანიასა და პოლონეთში 3.5%-ზე ნაკლები. საწარმოების მეოთხედის განცხადებით, მუშახელის ნაკლებობა აფერხებს მწარმოებლობას, რაც, ევროკომისიის მონაცემებით, აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეკონომისტები შიშობენ, რომ ევროპის მოსახლეობის დაბერება და შეცოტავება ცხოვრების სტანდარტებს შეამცირებს, ხოლო უკრაინელების რაოდენობას შეუძლია აღნიშნული დემოგრაფიული საკითხების „გადაწყვეტა“.
გერმანიაში მყოფ უკრაინელებს შედარებით მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, ვიდრე სირიელ მიგრანტებს 2015-ში, რაც, თავის მხრივ, მათ გაუადვილებთ სამუშაო ადგილის პოვნას. სამუშაო ადგილის სიუხვე იმასაც ნიშნავს, რომ გერმანელები უკრაინელებს სამუშაო ადგილების მიტაცებაში ბრალს არ დასდებენ. „დოიჩე ბანკის“ ერთ-ერთი ბოლო ანგარიშით, უმუშევრობის მაჩვენებელი რამდენიმე მეათედი პროცენტით მოიმატებს, ხოლო შემდეგ არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება. შორეულ პერსპექტივაში, გადასახადების გადამხდელმა უკრაინელებმა შეიძლება ბიუჯეტში სერიოზული დანამატი შეიტანონ.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ოპტიმისტური პროგნოზი ეფუძნება იმ დაშვებებს, რომ ეკონომიკა ძლიერი იქნება და უმუშევრობის მაჩვენებელი — დაბალი. საუბარია დაშვებებზე, რასაც ძირს უთხრის ომით გამოუწვეული საწვავის ფასის დრამატული ზრდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. მართლაც, რამდენს იმუშავებს უკრაინიდან გამოქცეული მარტოხელა დედა, რომელმაც ქმარი და ქვეყანა უკან დატოვა? თანაც დღიურად დასარჩენი ადგილები საკმაოდ ცოტაა და ძვირია.
მოუწევს თუ არა ევროპას დაგებული „Welcome“ წარწერიანი ფეხსაწმენდების
დაკეცვა და შენახვა?
თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, ეკონომიკა შენელდება და ქვეყნებს გაუჭირდებათ ლტოლვილებისთვის ადგილსამყოფელის, სამუშაოს და მომსახურების შეთავაზება -ევროპას მოუწევს დაგებული „Welcome“ წარწერიანი ფეხსაწმენდების ისევ დაკეცვა და შენახვა. უთანხმოების ფაქტებს უკვე ვხედავთ რამდენიმე „გადატვირთულ“ ქვეყანაში. რუმინეთში ნაციონალისტური მხარე ამტკიცებს, რომ არა რუსეთი, არამედ სწორედ უკრაინაა მტერი. მოლდოვაში რამდენიმე უკაინელის მანქანა ვანდალიზმს ემსხვერპლა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უფროსი ფილიპო გრანდი შიშობს, რომ მსგავსი ტიპის საფრთხე დროთა განმავლობაში გაიზრდება. „სოლიდარობამ შესაძლოა საკუთარი თავი ამოწუროს და უკურეაქცია გამოიწვიოს“, — განაცხადა მან Politico-სთან (საინფორმაციო ვებ-გვერდი) ინტერვიუში. ეს კი პუტინის გამარჯვება იქნება, რაც, თავის მხრივ, ურთულესი გამოცდაა იანა სუპრუნიაკისა და მილიონობით იმ ადამიანისთვის, რომელნიც ამ უაზრო ომს გაერიდა.
თარგმნა ილია შათირიშვილმა
წყარო: ეკონომისტი