2022 წლის 4 მარტი მსოფლიოსთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ინფორმაციით გათენდა. რუსულმა სამხედრო ძალამ, გრინვიჩის დროით 03:20 საათზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტოსადგურზე იერიში მიიტანა. ეს დილა ემოციურად ყველაზე რთული გადასატანი აღმოჩნდა თბილისში მყოფი 21 წლის ოლგა ვიდიშევასათვის. ოლგა ზაპოროჟიედანაა. პროფესიონალი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი ომის დაწყებამდე საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა და დღემდე აქაა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაბრუნების პერსპექტივა ამოიწურა, სამსახურის ძებნა დაიწყო. სოციალურ ქსელში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ იპოვა და დასის სამხატვრო ხელმძღვანელ, მარიამ ალექსიძეს მასწავლებლად დასაქმების თხოვნით მიმართა.
მარიამ ალექსიძე: „პირველივე რეაქცია ის იყო, რომ ოლგას თავისუფლად შეეძლო ევლო ყოველდღიურ რეპეტიციებზე. ამით პროფესიის შენარჩუნებაში დავეხმარებოდით, მით უფრო, რომ ბალეტი ისეთი სფეროა, სადაც გაჩერება საერთოდ დაუშვებელია. აქ ძალების აღდგენას წლები სჭირდება. გარდა ამისა, მას საშუალება მივეცით თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსი გაიაროს. კურსის დასრულებისთანავე შესაბამის სერტიფიკატსაც მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ოლგა სამშობლოში დაბრუნდება, იგი საქართველოში მიღებულ ცოდნასაც გაუზიარებს კოლეგებს.
შემდეგ უკვე, ოლგა ვადიშევას საკითხი დასის დირექტორთანაც გავიარეთ და გადაწყდა, რომ იგი დასის წევრის სტატუსით წარმოდგენებშიც მიიღებს მონაწილეობას, რაც, ცხადია, ანაზღაურებასაც გულისხმობს. გვჯერა, რომ ამით ჩვენს უკრაინელ კოლეგას არა მხოლოდ ტკივილის გადალახვასა და პროფესიის შენარჩუნებაში უნდა დავეხმაროთ, არამედ სრულფასოვან თვითრეალიზებაშიც. ჩვენი სოლიდარობა ამგვარი ხელშეწყობით გამოიხატა და ოლგას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამდე ძალაში იქნება.
ოლგა ვიდიშევა: მიხარია, რომ ყველაფერი ასე აეწყო. თავიდან მასწავლებლად მსურდა მუშობის დაწყება, მაგრამ მსახიობობა შემომთავაზეს და ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობელი და ბედნიერი ვარ! სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ გავწყვეტ ამ ურთიერთობას. მომწონს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული ენა. აუცილებლად ვისწავლი ქართულს!
ოლგა ვადიშევა უკვე ჩაერთო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ახალი წამოდგენისათვის მზადებაში და მალე მას სცენაზეც ვიხილავთ.