ბოლო ორი დღეა, საერთაშორისო გადაძახილი იქნება თუ პირადი ნაცნობობა, ქუჩაში შეხვედრისას თუ ოჯახის წევრებთან საუბრისას, მთავარი თემა უკრაინაა. სოლიდარობის გამოხატვას ყველა განსხვავებულად ცდილობს — ხშირად, პროფესიული ნიშნითაც. ფოლკლორისტი დავით შუღლიაშვილი 1915 წლით დათარიღებულ ჩანაწერს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ეს არის უკრაინის ჰიმნის ყველაზე ძველი შესრულება. რა ვიცით ამ ჩანაწერის შესახებ და როგორ ამძაფრებს ემოციას იმ ყველაფრისადმი, რასაც ვუყურებთ, ვისმენთ და განვიცდით?
„პირველ რიგში, მეც გამოვხატავ თანადგომას ჩვენი უკრაინელი ძმების მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდით იდგა გასაჭირში. რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩანაწერს, ეს არის გერმანიაში, ტყვეებისგან ჩაწერილი ნიმუში. ეს პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველი ტყვეების მიერ ჩაწერილი მასალის ერთგვარი ანალოგია. ეს იყო საქართველოსა და გერმანიის საერთო პროექტი, რომელიც თბილისის კონსერვატორიის მიერ განხორციელდა. სამწუხაროდ, უკრაინის ჰიმნთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თავად ეს ფაქტი გერმანელების კულტურაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ომი მძვინვარებდა, გერმანელი ფოლკლორისტები ტყვეებისგან იწერდნენ ეროვნულ მუსიკალურ ნიმუშებს და ქმნიდნენ არქივს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს XX საუკუნის დასაწყისია, აუდიო-ჩანაწერების პირველი ნაბიჯები. საყურადღებოა, რომ უკრაინის ჰიმნის ჩანაწერში ინსტრუმენტების ხმაც ისმის. ქართულ-გერმანულ არქივებში შემონახულია ფოტოები, სადაც ტყვეები მუსიკალური ინსტრუმენტებით არიან აღბეჭდილნი“, — ამბობს ფოლკლორისტი დავით შუღლიაშვილი.