ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ფეისბუქ-გვერდზე ასე ეხმაურება
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს:
„სამწუხაროდ, რუსეთისთვის მიყენებული ჯერ-ჯერობით სიმბოლური ზიანი არც უკრაინისთვის და არც ჩვენთვის არავითარი გულის მოფხანის საშუალებას არ იძლევა.
5 ბანკის, 7 ოლიგარქის, კიდევ ერთი 5 იურიდიული პირის და რაღაც მსგავსი „არნახული სანქციების” დამსახურებაა დღევანდელი ომი უკრაინაში. მანამდე კი საქართველოს ოკუპაციის გამო რა „დრაკონული სანქციები” წაუყენეს რუსეთს, ალბათ, ჩემზე უკეთესად გახსოვთ ან რამდენ ხანს გასტანა მაგ “სანქციებმა”…
საპირწონედ კი რა ხდება:
— იზრდება გაზის და ნავთობის ღირებულება, შესაბამისად, რუსეთის შემოსავლებიც. ომის ხარჯის ნაწილს, ფაქტობრივად, თავად დასავლეთი ფარავს.
— აქციების ფასი ეცემაო… ამაზე დასავლელმა ინვესტორებმა იდარდონ, თორემ რუსი მილიარდერები, უბრალოდ, უფრო იაფად გამოისყიდიან გაუფასურებულ კომპანიებში წილებს და გავა დრო — ეს აქციები ისევ გაძვირდება…
— მეეჭვება 10-20 და, თუნდაც, 100-200 თვითმფრინავ-ვერტმფრენიც რომ ჩამოუგდონ რუსეთს, პუტინი ამას დიდად განიცდიდეს. ეს შეიარაღება ჩვენნაირ ქვეყნებთან საბრძოლველად სჭირდება და სახარჯი მასალაა, ისევე, მაგალითად, როგორც სამუშაოდ წასული მუშა არ დარდობს ძონძებზე, რომელიც სპეციალურად ჩაიცვა… უფრო ძლიერი ქვეყნებისთვის კი ჩემოდანი და წითელი ღილაკი აქვს და ამით იმშვიდებს, ალბათ, თავს…
— ბოლო-ბოლო რუსეთს უღირს ეს ყველაფერი და ჩვენ რანაირად უნდა გვიხაროდეს, რომ რუსეთს ზიანი მიაყენეს/მივაყენეთ?!
ახლა საქართველოზეც ორიოდ სიტყვით:
— ევროკავშირი და ნატო, იარაღის და ფულის მიწოდების გარდა რომ ვერ/არაფერს აკეთებს, რომელიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა კარგავს და ერთი-ერთზე შეატოვა უკრაინა რუსეთს, ამ ფონზე ჩვენი როლი სადაა?
ამ შეკითხვაზე პასუხი არაერთმნიშვნელოვანია…
ცნობილია — რუსული ჯარი ჩვენი დედალაქიდან რამდენი კილომეტრითაა დაშორებული, მითუმეტეს, მთავარი სასიცოცლო სატრანსპორტო არტერიებიდან (პორტები, რკინიგზა, ავტობანი…). მჯერა იმის, რომ არც ჩვენს დასაცავად მოვა აქ ვინმე… ამიტომ, მოდით, ბაქი-ბუქს მოვეშვათ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას.
პირველ რიგში, ჩვენ რუსებს კი არა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვთხოვოთ გამოფხიზლება. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე აქტიურობის მხრივ და არა რუსეთი. ლომი, ან, თუ გნებავთ, გიენა რომ გალიიდან გაექცეს ზოოპარკს, ლომს კი არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი — რატომ გამოხვედი გარეთო და შიშველი ხელით კი არ უნდა ვცადოთ მისი დაჭერა… ზოოპარკის ადმინისტრაციას უნდა მოთხოვო პასუხიც და ქმედებაც, რომელმაც იცის — როგორ უნდა დაიჭიროს ეს ლომი და აქვს შესაბამისი იარაღიც (ან პოლიციას, ან ჯარს, ბოლო-ბოლო)… ამას რომ მიაღწევ, მერე შეგიძლია გამოხვიდე მოხალისედ და არა პირიქით.
ჩვენი მთავრობის ბრალი ის კი არ არის, რომ რუსეთს არ უტევს, არამედ ისაა, რომ პარტნიორებს ვერ არწმუნებს — მძლავრი ნაბიჯები გადადგან საერთო მოწინააღმდეგის მიმართ. ეს ვერ შეძლო, სამწუხაროდ, ვერც უკრაინამ.
იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა გაააქტიურებს ზეწოლას, პირველ რიგში, ჩვენსავე პარტნიორებზე; მოსთხოვს მათ, თუნდაც კულუარულად, სანქციები დაუწესონ არა მარტო რუსეთის მთავრობას, არამედ მათ რიგით მოქალაქეებსაც, რომელთა უმრავლესობას, ალბათ, გულის სიღრმეში სიამაყის განცდაც კი ეუფლება თავისი სამშობლოს ძლევამოსილებაზე.
ჯერ-ჯერობით ასეა… ვნახოთ — რა მასშტაბის იქნება ახალი სანქციები. გამძლეობა და წარმატებები უკრაინას და საქართველოს!