საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დაფარვის უმძიმეს ტვირთზე, სესხების გადავადებისა და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის უუნაროდ ქცეული მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბარი იმდენად ბანალური გახდა, რომ ამ დროისთვის ყველა ეს პრობლემა ერთ მოკლე ფრაზაში მოექცა: — „ბანკები გვატყავებენ!“ მთავარ დამნაშავედ კი კომერციული ბანკებია ნაგულისხმევი.
ასევეა აღშფოთებული ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტიც, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა და რომელსაც მოულოდნელად იპოთეკური სესხის დასაფარი ყოველთვიური თანხა 500 ლარამდე გაეზარდა ( ეს თანხა მისი შემოსავლის თითქმის ნახევარია). მან კომერციულ ბანკს მიმართა: „როცა მოულოდნელად ჩემი ხელფასის ნახევარი სესხის დაფარვისთვის ჩამომეჭრა, მაშინვე მივმართე ბანკს კითხვით: ხელფასი 500 ლარით ნაკლები რომ მქონოდა, ამ სესხს დამიმტკიცებდით თუ არა? — ამ კითხვაზე მიპასუხეს, რომ არ დამიმტკიცებდნენ. ბუნებრივად დამებადა შემდეგი კითხვა: — თქვენ ხომ ხედავთ, რომ ჩემი ხელფასი არ გაზრდილა, უფრო მეტიც, ჩემმა თანამსესხებელმა პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, რის საფუძველზე დამიმატეთ ამ რაოდენობის თანხა, რომლის გადახდის შემთვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგები?! მოვითხოვე სიტუაციის საფუძვლიანად ახსნა და ამიხსნეს… აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო ავტომატურად გაიზარდა კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის რაოდენობა. ახლა ასეა, ჩემი შემოსავლების ნახევარი მიემართება საბანკო ვალდებულების დასაფარად, ჩემი ოჯახი კი ჩემთან ერთად ელის ხელშეკრულების ვადის ამოწურვას იმ იმედით, რომ დრო მალე გაივლის“, — ამბობს ჩვენთან საუბარში მოქალაქე — ს.ბ.
მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელად გაზრდილი ფინანსური ვალდებულებებით შექმნილ სიტუაციაზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ მიხეილ ჯიბუტს გავესაუბრეთ:
— რა აუცილებლობა განაპირობებს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას?
— რეფინანსირების განაკვეთი მექანიზმია, საშუალებაა, რასაც (მისი გაზრდით ან შემცირებით) საქართველოს ეროვნული ბანკი მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის — ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის იყენებს. რეფინანსირების განაკვეთის სიდიდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება. ბოლოს, ამ კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთი 10,5 %-ით განისაზღვრა 2021 წლის 8 დეკემბერს. კომიტეტის უახლესი სხდომა 2 თებერვალს გაიმართა. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება უშუალოდ განპირობებულია ინფლაციით, გაშუალებით ყველა იმ ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა ფაქტორებით, რაც ინფლაციას იწვევს. აღნიშნული კომიტეტი ყველა ამ ფაქტორებს აკვირდება და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.
— რა პერიოდულობით იზრდება ეს ციფრები და რას აკეთებს ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ ამ პროცესებით გამოწვეული ფინანსური ვალდებულებები მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობას უარეს ტვირთად არ დააწვეს?
— რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების კალენდარი არ არსებობს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. რადგანაც ეს გადაწყვეტილებები მიმართულია ინფლაციის შესაკავებლად, მისი დადებითი გავლენა ეხება ქვეყნის მთელ მოსახლეობას, თუმცა ცალკეული პირებისათვის — როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული, ამან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს, განსაკუთრებით მათზე, ვინც დამოკიდებულია კრედიტებზე — ის გახდება უფრო ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი.
— როცა პანდემიის დროს მსესხებელთა ან თანამსესხებელთა დიდმა ნაწილმა სამუშაო დაკარგა, ამის კონპენსირებისთვის სახელმწიფომ 200 ლარიანი დახმარებებიც კი გასცა, მაგრამ როგორ უნდა გაუმკლავდეს რამდენიმე წლით აღებულ საბანკო ვალდებულებებს მოქალაქე, რომელსაც იგივე სახელმწიფო, შემსუბუქების ნაცვლად, ფინანსურ ტვირთს უმძიმებს?!
— ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ის განზოგადებას არ ექვემდებარება, გარდა იმისა, რომ ინფლაცია ცუდია ყველასათვის და მისი შებოჭვა ასევე კარგია ყველასთვის. თუმცა, ამ პროცესში, რეფინანსირების გაზრდა შეიძლება იყოს ან ნეიტრალური, ან ცუდი, ან კატასტროფა. ეს კონკრეტულ სიტუაციას გააჩნია. თუ კრედიტის გაძვირება ხდება იმ პირისათვის, რომელიც თვითონ არის საქონლის ან მომსახურების მწარმოებელი და კრედიტის გაძვირების კონპენსაციას მოახდენს თავის საქონელზე ან მომსახურებაზე ფასის თუ ტარიფის ზრდით — ეს ნაკლები უბედურებაა. მაგრამ, თუ ეს ეხება პირს, რომელსაც შემოსავლების გაზრდის საშუალება არ აქვს — მისთვის უბედურებაა. სამწუხაროდ, ცალკე აღებულ კონკრეტულ შემთხვევებს არ ითვალისწინებს რეფინანსირების განაკვეთი. ის გულისხმობს ყველას მიერ სიკეთის მიღებას. ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით თეორია დუმს. ხოლო თუ შემთხვევები იღებს ტენდენციის ხასიათს, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორც თქვენ მიერ დასახელებული 200 ლარიანი დახმარების შემთხვევაში. პრობლემებია სამართლებრივი ცოდნის თვალსაზრისით საზოგადოების მხრიდან. ბანკში ხელშეკრულებებს ხომ ისე აწერენ ხელს, რომ არც კითხულობენ?! მაგალითად, ბანკებთან სავალო ხელშეკრულებაში რისკებთან დაკავშირებით წერია, რომ მარტო კლიენტი ზარალობს, ხოლო სასიკეთო ცვლილებისას, მარტო ბანკები ხეირობს — ამას ვალის ამღები ხელისმოწერით ადასტურებს. ასეთ შემთხვევებს რა ეშველება?… ხელისუფლებასთან, ზოგადად, ის კითხვები ისმის, თუ რატომაა ასეთი მაღალი ინფლაცია -12,5%? თუ აქედან 9% საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული, ის 3,5%, რაც საშინაო ფაქტორებზე მოდის, რატომ ვერ იქნა თავიდან აშორებული? გასაანალიზებელია საგარეო ფაქტორების შინაარსი. აქ მთავარია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, მათ შორის, სურსათზე. აქ კითხვა ასეთია, რატომაა ქვეყანა უცხოეთიდან შემოტანილ სურსათზე თითქმის 80 %-ით დამოკიდებული? დასკვნის სახით, რეფინანსირების განაკვეთი ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი პროცესების შემაჩერებელი ბოლო ჯებირია, მაგრამ მასზე ბევრი რამ დამოკიდებული არაა.
ჩვენ მიერ დასმულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც თავის ოფიციალურ შეტყობინებაში გაგვიზიარა თავისი პოზიცია: „რეფინანსირების განაკვეთის ზრდით გამოწვეული ფინანსური ტვირთი წარმოადგენს მოკლევადიან ხარჯს, რომელიც აუცილებელია იმ უფრო დიდი და გრძელვადიანი ხარჯის (როგორიცაა, მაგალითად, ინვესტიციების შემცირება, უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივი შენელება) თავიდან ასაცილებლად, რასაც არასტაბილური ინფლაცია იწვევს. ამდენად, ყოველ ინფლაციურ წნეხზე შესაბამისი, თანმიმდევრული და თანაბარზომიერი პასუხი უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში განაკვეთი კვლავ შემცირდება და გრძელვადიანად, საშუალოდ, დაბალ დონეზე შენარჩუნდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადანაწილების პოლიტიკა სოციალური პოლიტიკის ნაწილია და სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.“