უკრაინის ომის სისასტიკემ ემოციებით გააჯერა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც აქამდე მსოფლიო ცივი გონებით, საერთაშორისო კანონდებლობით, ომის წარმოებისთვის დაწესებული ნორმებით, დეკლარაციებითა და რეზოლუციებით იღებდა. ომის თეატრად წოდებულ კატასტროფაში მსოფლიო ლიდერებს ახალი როლების მორგება დასჭირდათ და ახლა მთელი მსოფლიო ამ „სკექტაკლის“ დასრულებას ელის. რა სცენარით შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის ტრაგედია და ვისი მონაწილეობით მოიძებნება გამოსავალი? — ამის შესახებ პოლიტილოგი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:
ისრაელის შუამავლობით დაგეგმილ უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებებიდან რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ?
— ისრაელის მხრიდან რუსეთის სანქცირებაზე თავშეკავებული პოზიცია და მისი, როგორც შუამავლის, როლი თურქეთთან ერთად, მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად შედეგიანი იქნება, ძნელი სათქმელია. დღემდე არსებული ყველა ინფორმაციით, მოლაპარაკების თემატიკა იყოფა ორ ბლოკად. ეს არის: 1) ტერიტორიული მთლიანობის საკითხები (ამ მიმართულებით, მხარეებს შორის, გაცილებით ნაკლებია წინსვლა) და 2) ნეიტრალიტეტი, დენაციფიკაცია: ამაში იგულისხმებოდა ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და დღეს მოთხოვნების ნუსხიდან ეს პუქტი ამოღებულია და დემილიტარიზაცია: ამ მიმართულებით, თავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სერიოზული ზიანი მიადგა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და შეიარაღებას. ამდენად, რუსეთმა, ნაწილობრივ, ამ კუთხით მიზანს მიაღწია. ამიტომაც, დემილიტარიზაცია, როგორც დამდგარი ფაქტი, ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტად, შესაძლოა ჩაიწეროს, რათა პუტინს შიდა ბაზარზე გასაყიდად გამოადგეს. თუმცა მეორე თემაა, თუ დემილიტარიზაციის შინაარსად ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ უკრაინას სამომავლოდ შეეზღუდოს რაიმე ტიპის შეიარაღების წარმოება, შესყიდვა, ფლობა, ამ სახის დემილიტარიზაციაზე, როგორც საინფორმაციო წყაროები მოწმობს, უკრაინა დღემდე უარზეა. ანუ, უკრაინას, ამ სამომავლო ხელშეკრულებით არ უნდა შეეზღუდოს შეიარაღების წარმოება, შესყიდვა ან, დავუშვათ, ლიმიტი შეიარაღებულ ძალებზე. ამ გაგებით, მომავალ ხელშეკრულებაში ჩაწერილი დემილიტარიზაცია უფრო პიარ-სვლა იქნება, ვიდრე რეალური ნაბიჯი.
შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ზელენსკის მიერ ნეიტრელიტეტზე დათანხმება
კაპიტულაციის ტოლფას კომპრომისად, მაშინ, როცა ქვეყნის ნატოში გააერთიანების მიზანი უკრაინის კონსტიტუციაშია შეტანილი?
— უკრაინა არ და ვერ ისაუბრებს ნეიტრალიტეტის საკითხზე მისი ტრადიციული, კლასიკური გაგებით, როცა ნეიტრალიტეტის ამღიარებელ სახელმწიფოს არ აქვს უფლება — გაერთიანდეს რომელიმე უსაფრთხოების ბლოკში. ამ შემთხვევაში, უკრაინამ გამიჯნა ნეიტრალიტეტი და ნატოზე უარის თქმა. ნატოზე უარის თქმა, ამ ეტაპზე, არ ნიშნავს უკრაინის მხრიდან უარის თქმას სხვა სამხედრო ბლოკსა ან უსაფრთხოების ნიშნით რომელიმე ქვეყანასთან ორმხრივი ან მრავალხმრივი ხელშეკრულების დადებაზე, მაგალითად, როგორიცაა ამერიკის ვალდებულებითი ხელშეკრულება სამხრეთ კორეასთან სამხედრო ძალით დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტეიროტირული მთლიანობა. ამაზე საუბრობს ის ამერიკის კონგრესში გამოსვლიდან დღემდე. მისი ინიციატივა არის: „U — 24“ — ახალი უსაფრთხოების ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ მიზანს: ამ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას (ოღონდ ჯერ არ ვიცით — რა გაერთიანებაზეა საუბარი და რომელი ქვეყნები შევლენ, მაგრამ, პრინციპი არის ასეთი, როგორც უკრაინის ხელისუფლება ხედავს), რომ გაწევრიანებული ქვეყნები 24 საათის განმავლობაში უნდა დაეხმარონ სამხედრო ძალით და შეიარაღებით ამ გაერთიანებაში მყოფ ნებისმიერ ქვეყანას, რომელზეც გარედან განხორციელდება სამხედრო აგრესია. ეს არის არა ნატოს ალტერნატივა, არამედ ევროპული უსაფრთხოების ახალი, პარალელური სტრუქტურა, სადაც უფრო მობილური, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იქნება ჩართული, ვიდრე დღეს ნატოს ბიუროკრატიის პირობებშია. უკრაინა იმას კი არ ამბობს, რომ მე არასდროს, არცერთი სამხედრო თუ უსაფრთხოების კუთხით ჩამოყალიბებული კოალიციის წევრი არ გავხდებიო, რადგან სხვაგვარად მისი უსაფრთხოება ვერაფრით ვერ იქნება დაცული, არამედ, ამ ეტაპზე, ამბობს უარს ნატოზე, რადგან ნატოს კარი ჯერ მხოლოდ დეკლარირებულადაა ღია, მას კი დღეს სჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ბრიტანეთის პრემიერმაც თქვა, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ღიად ვამბობდითო, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ ივარაუდებოდაო, მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთმა მაინც დაიწყო ომი უკრაინაში. თავისთავად, თუ უკრაინამ ვერ უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სხვა ალტერნატიულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, რომელიც, შეიძლება, საფუძვლად დაედოს ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას, მხოლოდ ნატოზე უარის თქმით უკრაინა უსაფრთხოების დაცვის გარანტიას ვერ მიიღებს. ანუ უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა იცოდა ევროპელი ლიდერებისგან, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იგეგმებოდა.
2014 წლამდე, როცა რუსეთმა ყირიმი მიიერთა და დაიწყო ლუგანსკისა და დონბასის სეპარატისტული მოძრაობები, მაშინ, უკრაინის კონსტიტუციაში საერთოდ არ იყო ჩაწერილი ნატოში გაწევრიანება. აქედან გამომდიანრე, უკრაინაში შესაჭრელად ნატო და ნეიტრალიტეტის მოთხოვნა იყო ფორმალური საბაბი რუსეთისთვის. ეს ცხადყოფს იმასაც, რომ სრული აბსურდია ის, რომ ნატოზე უარის თქმა და ნეიტრალიტეტი საქართველოს რუსული აგრესიისგან და დამოუკიდებლობის დაკარგვისგან დაიცავს. უკრაინა ამის ნათელი მაგალითია.
თუ ისევ ნახევარზომებით იარა დასავლეთმა, ასეთ შემთხვევაში, ეს საფრთხე
აუცილებლად მის კართანაც ჩაიმუხლავს
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი ებრძვის არა იმდენად უკრაინას, არამედ დასავლეთს. ახლა რასაც ვისმენთ, რუსულ საინფორმაციო საშუალებებში, იქ პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი არ უნდა წავიდეს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე. უფრო მეტიც, როცა საუბრობენ გამაოგნებელ ამბებზე, რომ თითქოს უკრაინელებს ბატების თუ ღამურების მეშვეობით გადააქვთ ბიოლოგიური იარაღები, შტამები, რაც, მაინც და მაინც, რუსული ეთნოსის წინააღმდეგ არის მიმართული; ასევე, როცა საუბრობენ დასავლეთის მიერ სლავური ეთნოსის განადგურების სურვილებზე და ა.შ., ჩვენ ამ შეთხზული ამბების მიღმა თუ გავიხედავთ, ცხადი გახდება, რომ რუსეთის ინტერესი არის დასავლეთის დამარცხება იმ სივრცეში, რაც მას საკუთარი გავლენის სფეროდ მიაჩნია. ანუ მინიმუმ, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის იმ სივრცეშიც, რომელიც ვარშავის ბლოკში შედიოდა.
რეალურად, დღეს, ჩვენ უკრაინაში ვხედავთ რუსეთის ბრძოლას დასავლეთის წინააღმდეგ. უკრაინა არის, ასე ვთქვათ, გარდამავალი მიზანი. რეალური მიზანი პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის ღამესაც თქვა, რომ არის ყოფილი რუსეთის იმპერიის აღდგენა, სადაც, სხვათაშორის, თურქეთის ნაწილიც შედიოდა. ანუ, პუტინის მიზანი არის არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის, ასევე, ვარშავის ბლოკის დაბრუნება რუსეთის გავლენის ქვეშ და ამას კიდევ დამატებული რუსეთის იმპერიის ტერიტორიები. აი, ეს არის მისი ამბიცია.
დასავლეთმა, ამ თვალსაზრისით, უნდა შეხედოს რუსეთის რეალურ მიზნებს. ამიტომაც, მის ინტერესში უნდა იყოს რუსეთის შეკავება სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსების სამხედრო მანქანის დამარცხება. თორემ, თუ ისევ ნახევარზომებით იარა დასავლეთმა, ასეთ შემთხვევაში, ეს საფრთხე აუცილებლად მის კართანაც ჩაიმუხლავს და რუსული ბომბები ნატოს სახელმწიფოების, დედაქალაქებშიც დაცვივა.
თუ სანქციებზე ვისაუბრებთ, სანამ ეს სანქციები რუსეთზე დამაგრეველ ზეგავლენას მოახდენს, მანამდე, შესაძლოა, უკრაინა მთლიანად „აღიგავოს პირისაგან მიწისა“. ამიტომ, დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, გასააზრებელია ისიც, რომ უკრაინა დღეს რეალურად შემდგომი დარტყმისგან იცავს ნატოს ქვეყნებს ანუ ნატოს ფარია რუსული საფრთხისგან დასაცავად. ამიტომ, დასავლეთი წყალობას კი არ იღებს უკრაინაზე, როცა მას აიარაღებს და ფინანსურად ეხმარება, არამედ — საკუთარ უსაფრთხოებას იცავს უკრაინელების ხელით რუსეთისგან. ამიტომ, მისი მეტად გააქტიურება რუსული სამხედრო მანქანის გასანეიტრალებლად, უკრაინელებისთვის რამდენადაც შეიძლება ნაკლები ზარალით, აუცილებელია.
ახლა აქტიური მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს, თუკი რეალურად მიმდინარეობს რაიმე ახალი ტიპის ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბება
ჩვენ, მინიმუმ, უნდა ვიყოთ საქმის კურსში, მაქსიმუმ — აქტიური მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს, თუკი რეალურად მიმდინარეობს რაიმე ახალი ტიპის ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბება. ამ წუთას, როცა ასეთი რეალობაა, მოლოდინის რეჟიმში ჩვენ ვერაფრით ვერ ვიქნებით. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეალურად — რა ტიპის ახალ გაერთიანებაზეა საუბარი და აუცილებლად ჩვენს თავს უნდა მოვიაზრებდეთ იქაც. სხვაგვარად, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ახლა ძალიან რთული ვითარებაა საიმისოდ, რომ საქართველომ, თავის მხრივ, ნეიტრალიტეტზე იფიქროს, რადგან, რუსეთის მეზობლად, რუსეთის ინტერესების არეალში არცერთი ქვეყნის ნეიტრალიტეტი არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი შენ არ დაგიპყრობს, არ მიგიერთებს და ისევ განახლებული საბჭოთა კავშირის წევრად არ გაქცევს. ზოგადად, რუსეთი როდესაც უკრაინის ნეიტრალიტეტზე საუბრობდა, ეს მისთვის გარდამავალი ფაზა იყო უკრაინის ბელარუსად ქცევის გზაზე. პირდაპირ ხომ არ იტყოდა — მე მინდა უკრაინისგან ახალი ბელარუსი შევქმნაო?!
დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება უსაფრთხოების რეალური მექანიზმები და რეალური, ოპერატიული კოალიციები, სადაც საქართველოს დაცვის ვალდებულებები იქნება თვალსაჩინო, მკაფიო და დროში გაწერილი. იმიტომ, რომ ის დრო, რაც ჰქონდა უკრაინას მისი დიდი ტერიტორიული სივრცის გამო, საქართველოს არ აქვს. ამიტომაც, საქართველოს სწორედ ჰაერივით სჭირდება იმგვარი უსაფრთხოების ქოლგა და კოალიცია, სადაც ერთი დღის თუ საათების განმავლობაში შესაძლებელი იქნება მისი დაცვის მექანიზმების ამოქმედება.