ევროპულმა ტელეარხმა „ევრონიუსმა“ (Euronews – ოფისით ლიონში) ეთერში გადასცა სიუჟეტი საქართველოს შესახებ სათაურით «მარცვლეულის კრიზისიდან გამოსასვლელი გზების ძიება: ხორბლის ხუთი „დავიწყებული“ ჯიშის აღდგენა საქართველოში“ (ავტორი – ვერონიკა დიუვალი).

„უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ხორბლის კრიზისის დროს, ქართველები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ სამამულო პროდუქციის წარმოებაზე. საქართველოში ტრადიციულად არსებობს ხორბლის ხუთი ენდემური ჯიში, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებლები უნიკალური პურს აცხობდნენ – საოცარი არომატით და საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობით.

გადაშენების პირას…

ჩელტა ზანდური, კოლხური ასლი, მახა, დიკა, ჰექსაპლოიდური ზანდური  – მსოფლიოში ხორბლის ოცი სახეობიდან ხუთის სამშობლო საქართველოა. საუკუნეების მანძილზე ქართველები პურს სწორედ ამ ენდემური სახეობებისგან აცხობდნენ. მეცნიერების თქმით, ხორბალი საქართველოში ვაზის მსგავსად, უკვე 8000 წელია მოჰყავთ.

სამწუხაროდ, მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს უნიკალური ხორბლის სახეობები უცხოეთიდან შემოსულმა ხორბალმა ჩაანაცვლა. საბჭოთა კავშირის დროს კი აბორიგენული სახეობები საერთოდ დავიწყებას მიეცა.

აღორძინების იმედით: „ელკანას“ გეგმები

ხორბლის ტრადიციული სახეობების აღდგენაზე მუშაობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. ისინი ქართველ გლეხებსა და ფერმერებს ქართული ხორბლის მოყვანაში ეხმარებიან.

„ჩვენ დაახლოებით ოცი წლის წინ დავიწყეთ წითელი დოლის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობა, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა, სქემაც შევადგინეთ ფერმერებთან ერთად. ამ გეგმამ გაამართლა – დღეს არა მარტო სამცხე-ჯავახეთში ითესება წითელი დოლი, არამედ ასევე პოპულარული ხდება კახეთსა და ქართლში. ჩვენ უკვე ვხვდებით პურის სახით გამომცხვარ წითელ დოლს, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და უკვე იყიდება  მაღაზიებში. ეს წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ესა თუ ის ჯიში ან სახეობა ფერმერთან. ახლა გვინდა სახეობების გამრავლებაზე მუშაობა, კერძოდ დიკაზე სამცხე-ჯავახეთში და ასევე მახაზე, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ძალიან პოპულარული გახდება, როგორც კი გამოჩნდება ბაზარზე“, – ამბობს ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის ხელმძღვანელი თამაზ დუნდუა.

ინტერესი მატულობს, მაგრამ…

ადგილობრივი ხორბლის მოყვანა-მოშენების ფაქტები საქართველოში ჯერ-ჯერობით მაინც იშვიათია. რასაკვირველია, არიან ფერმერები, რომლებიც ამ საქმით აქტიურად არიან დაკავებულები, მაგალითად, ანზორ მაისურაძე, რომელსაც ქართული ჯიშის ხორბალს ხაშურის მუნიციპალიტეტში აწარმოებს: „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ხორბლის იმ ჯიშებს, რომლებიც გადაშენების პირას იყო. „ელკანას“ დახმარებით რამდენიმე გრამისგან დავიწყეთ და ახლა ხორბალი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ცამეტი წლის უკან, როცა დავიწყე წარმოება, ნახევარ ჰექტარზე მქონდა, ახლა მაქვს 48 ჰექტარზე. ცამეტი წლის წინ ნახევარი ტონა გავყიდე, წელს კი გავყიდი ოთხმოც ტონას. მომავალ წელს მეტი იქნება, მთავარია მშვიდობა იყოს და მოსავალი მოვიდეს“, -ამბობს ანზორ მაისურაძე.

ქართული ხორბლის სახეობების მიმართ ინტერესი იზრდება. თუმცა ამ დარგის სპეციალისტები ჯერ ვერ ამბობენ, როდის გახდება შესაძლებელი ქართული ხორბლის ფართო წარმოება და როდის გამოჩნდება დახლებზე ქართული პური.

თარგმნა სიმონ კილაძემ

წყარო: https://de.euronews.com/2022/04/26/wege-aus-der-getreidekrise-georgien-setzt-auf-5-vergessene-weizenarten