თსუ-ის პროფესორი ალექსანდრე შენგელაია, როგორც ექსპერიმენტატორი, აგროვებს ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედება ზეგამტარობის ახალი თეორიის შექმნას. „რა პრობლემა დგას დღეს? ზეგამტარობის ბუნება ნივთიერებებში დღემდე არ არის ცნობილი. ამ აღმოჩენამ აჩვენა, რომ კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში ჩვენ ვართ რაღაც ზღვარზე, რომლის იქითაც ამოუცნობი, ახალი იწყება. ის ცოდნა, რაც ახლა გვაქვს, არასაკმარისია და თვისობრივად ახალ ცოდნაში უნდა გადავიდეთ. ამაზე მუშაობენ ახლა მეცნიერები მსოფლიოში“, — ამბობს ალექსანდრე შენგელაია.
მეცნიერებმა ბოლო წლებში მიზნად დაისახეს სრულიად ახალი ტიპის ზეგამტარების აღმოჩენა. ცერნში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) და, ზოგადად, ყველგან, სადაც ამაჩქარებელია განთავსებული, ზეგამტარები გამოიყენება. ეს მომავლის ტექნოლოგიაა, მაგრამ პროფესორ ალექს მიულერის და ბედნორცის აღმოჩენის შემდეგ შესაძლებელი გახდა ზეგამტარების უფრო მაღალ – ოთახის ტემპერატურასთან ახლო ტემპერატურაზე – გამოყენება, რადგან თავად ზეგამტარობა ჩნდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, რომლის მიღება და შენარჩუნება რთულია.
„ამ აღმოჩენისთვის მიულერსა და ბედნორცს ნობელის პრემია მიენიჭა. სხვათაშორის, ეს რეკორდია ნობელის პრემიის ისტორიაში, რადგან აღმოჩენიდან ნობელის პრემიის მინიჭებამდე, სანამ დარწმუნდებიან, რომ ის მნიშვნელოვანია, როგორც წესი, მრავალი წელი გადის ხოლმე. მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისთვის კი ამ მეცნიერებს ეს უდიდესი პრემია ერთ წელიწადში მიანიჭეს. ესეც ხაზს უსვამს ამ აღმოჩენის მნიშვნელობას“, — აცხადებს ალექსანდრე შენგელაია.
პროფესორ ალექს მიულერთან ერთად შარშან გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია პრინციპულად ახალი ზეგამტარების შესახებ. მეცნიერები ამ თემაზე ახლა საერთაშორისო გამოხმაურებას ელიან. როგორც პროფესორი ალექს მიულერი მიიჩნევს, ეს არის რაღაც ახალი პარადიგმა მაღალტემპერატურული ზეგამტარების სფეროში.
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ალექსანდრე შენგელაიას ნაშრომთა ციკლისთვის – „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“ — საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 29 დეკემბერს ეროვნული პრემია მიანიჭა.
„კვლევისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღეთ მთელი რიგი ახალი შედეგები, მაგალითად, ახალი ტიპის იზოტოპური ეფექტები, ასევე, მაგნიტური და ზეგამტარი ნივთიერებების ურთიერთქმედება. ეს ყველაფერი ასახულია ნაშრომთა ციკლში, რომელიც წარდგენილია ამ პრემიაზე. 12 ნაშრომიდან, რომელიც წარდგენილი იყო, 8 არის გამოქვეყნებული ჟურნალში — „Physical Review Letters“, რომელიც ითვლება ფიზიკაში ყველაზე მაღალი პრესტიჟის და რეიტინგის მქონე ჟურნალად. ნაშრომთა ნაწილი შესრულდა შვეიცარიაში, ნაწილი კი — საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, — აღნიშნავს ალექსანდრე შენგელაია.