ინტერვიუ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ზურაბ დავითაშვილთან
რა განაპირობებს რუსული პროპაგანდის ასეთ ეფექტურობას ქვეყნის შიგნით?
ეს გასაკვირი არ არის. იმიტომ, რომ რუსეთის პოლიტიკური მენტალობა ეყრდნობა იმ ღირებულებებს, რომლებსაც პუტინი ახმოვანებს — ეს არის დიდი სახელმწიფო, მხსნელი ქვეყანა, რომელსაც განმათავისუფლებელი მისია აკისრია და რუსეთი არის მესია, რომელიც ათავისუფლებს სხვა ხალხებს. რეალურად, ამითაა შენიღბული რუსული იმპერიალიზმი. როდესაც რუსი ჯარისკაცი საომრად მიდის, ის დარწმუნებელია, რომ მიდის როგორც განმათავისუფლებელი, რათა ჩაგრული ხალხი მისთვის, ან რომელიმე გარეშე ძალისთვის მიუღებელი ადგილობრივი რეჟიმისგან იხსნას. რუსეთის მოსახლების დიდ ნაწილს ამის სჯერა.
მეორე ფაქტორი იმპერიალისტური აზროვნებაა, რაც დასაწყისშივე ვთქვი. რუსეთი წარმოუდგენელია იმპერიის გარეშე. რუსების დიდ უმრავლესობას სწამს, რომ რუსეთი ან იმპერიაა, ან არაფერი. კიდევ ერთი მეორე თავისებურება ის არის, თუ ვინ შეიძლება იყოს რუსეთის მეზობელი. რუსეთი მეზობლად მხოლოდ ორი კატეგორიის ქვეყანას აღიარებს — ეს ან მონა უნდა იყოს, ან — მტერი. სხვა მეზობელი რუსეთს არ შეიძლება ჰყავდეს.
თვითონ რუსეთის ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზე გააკეთა აპელირება პუტინმა, როცა ის 21 თებერვალს გამოვიდა და გააჟღერა ყველაზე უკიდურესი რუსული ნარატივი — რუსეთი იქაა, სადაც რუსი ჯარისკაცის სისხლი დაღვრილა. ის საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და იზრდებოდა და ერთ დღესაც, როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა და საბჭოთა კავშირი შეიქმნა, ლენინმა, ფაქტობრივად, რესპუბლიკებად დაშალა რუსეთი. შეიქმნა 15 რესპუბლიკა, რაც გახდა კიდეც საბჭოთა კავშირის შექმნის საფუძველი.
პუტინი ერთიან რუსეთს მისტირის და არავითარი საქართველო, უკრაინა, ბელარუსი თუ ლიტვა არ არსებობდა. იყვნენ მხოლოდ რუსეთის გუბერნიები. რუსეთში არცერთ გუბერნიას ეთნიკური სახელწოდება არ ერქვა. პოლონეთიც კი ვისლისპირეთის მხარედ იყო ცნობილი. ერთადერთი გამონაკლისი ფინეთი იყო, რომელსაც გარკვეული ავტონომია ჰქონდა. აი, ამ რუსეთის აღდგენაა დასახული მიზნად.
პუტინს ყველაფერი „გაუვიდა“, წარმატებებს მიაღწია და ძლიერი მმართველის იმიჯი შეიქმნა. ამ დროს ევროპასა და ამერიკას შედარებით სუსტი მმართველები ჰყავდა. ამიტომ, ჩეჩნეთის ომი, საქართველო, შემდეგ ყირიმი, დონბასი და ლუგანსკი, სირია, აზერბაიჯანში ჯარების შეყვანა და ყარაბაღის კონფლიქტის ვითომ „მორიგება“ — ეს ყველაფერი წარმატება იყო. ჩათვალა, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა, რომ ერი, რომელიც მისი აზრით, არ არსებობს და უბრალოდ რუსეთია — უკრაინა — რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ეს აზრი პოპულარულია რუსეთის მოსახლეობაში, მათ შორის, ახალგაზრდებშიც. ისინი იმპერიალიზმის იდეით იზრდებიან. ქვეყანა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტით, გავლენითა და ძალით მეორე იყო აშშ-ის შემდეგ, დღეს პირველ ათეულშიც არ შედის. შესაბამისად, მიზანი არის რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, დაბრუნება. ეს შეუძლებელია, თუ მისი გავლენა არ გავრცელდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ასეთი პროპაგანდა ყოველთვის წარმატებული იქნება მოსახლეობის ფართო ფენებში. რუსეთში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ „ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ არსებული ტერიტორიებით, იმით, რაც გვაქვს და არ უნდა ვიფიქროთ ძველი რუსეთის ნაწილების, რომლებიც ახლა დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, მათ შემოერთებაზე.“
როგორია მედიასაშუალებებზე არსებული მკაცრი კონტროლის როლი
პროპაგანდის ეფექტურობის მხრივ?
როდესაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია, ის სხვა იდეოლოგიებს ვერ აიტანს. ამიტომ, სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომლებიც, გარკვეულწილად, გააკრიტიკებენ ასეთ ხედვას და იმ პიროვნებას, რომელიც ამის განმახორციელებლად გვევლინება, ის აუცილებლად განიცდის სასტიკ ჩაგვრას. ამიტომ არის, რომ ოპოზიციური არხები ან ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსეთში. რუსეთის მოსახლეობა რომ ევროპულად აზროვნებდეს, ამგვარი იდეოლოგია წარუმატებელი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის 68% პუტინის პოზიციას იზიარებს და მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ შიშის გამო არ ხდება.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსი ჟურნალისტის მარინა ოვსიანიკოვას
რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო განცხადებებით შეჭრამ?
არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს ეფექტი. თუ 68% მომხრეა, 32% ან წინააღმდეგია, ან მათთვის სულერთია, ინფიდერენტულია ამ პრობლემის მიმართ. ისინი, ვისაც ისედაც ეჭვი ჰქონდა, მათი შეხედულება გაძლიერდა, რომ რუსეთი საშინელ დანაშაულს სჩადის, ხოლო ვინც ფიქრობდა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ვისაც სჯერა, რომ იქაურ რუსებს ჩაგრავენ, რუსულ ენაზე ლაპარაკს უკრძალავენ და ასე შემდეგ, იმათზე ოვსიანიკოვას ეს გამოსვლა გავლენას ვერ მოახდენს.
რუსეთის შიგნით საპროტესტო ტალღის აგორების შესაძლებლობაზე რას
ფიქრობთ?
ამას გამოვრიცხავ, თუ, უბრალოდ, იმდენი კუბო არ ჩავიდა რუსეთში, როგორც ეს იყო ავღანეთის დროს. თუმცა, ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ძალა აღარ ჰქონდა, იშლებოდა და მაშინ დაიწყო ეს მიტინგები და გამოსვლები. თორემ, ძალიან კარგად მახსოვს — როგორ იმართებოდა მშრომელთა გამოსვლები, სტუდენტების გამოსვლები, რომლებიც ერთხმად იწონებდნენ საბჭოთა პოლიტიკას და ამბობდნენ, რომ ინტერნაციონალურ მოვალეობას იხდიან მოძმე ავღანელი ხალხის წინაშე, რომელსაც ამერიკული იმპერიალიზმი დაემუქრა.
ასე აქვთ ჩაჭედილი — „რუსეთი თავის სისხლს ღვრის სხვისთვის“, არის საოცრად ჰუმანური და კეთილშობილი ხალხი, რომელიც თავისთვის კი არა, სხვების გადასარჩენად იბრძვის. როცა ასეთი რწმენა გაქვს, იქ საპროტესტო ტალღა მართლაც ძნელი ასაგორებელია. გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუსაძლისი არ გახდა მათი ყოფა ეკონომიკური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით და განსაკუთრებით მსხვერპლის რაოდენობის ზრდით. რუსეთში, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი მაინც, რაიმე საპროტესტო ტალღის აგორებას არ მოველი. ამას, რა თქმა უნდა, შიშის ფაქტორიც განაპირობებს.
რომელ მოცემულობებზე დაყრდნობით შეარჩია პუტინმა უკრაინაში შეჭრის დრო?
ჩათვალა, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია. ჩათვალა, რომ ამერიკას ჰყავს მოხუცი, უუნარო პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი არასერიოზული კაცია, რომელიც რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს. გერმანიის ახალი კანცლერი ახალი პიროვნებაა და იყო იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც შრედერი ეკუთვნოდა. შრედერი დღესაც კი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრია, ფაქტობრივად, რუსეთის მოხელე. მან (შრედერმა) და შემდეგ მერკელმა მთლიანად ჩამოჰკიდა გერმანია რუსულ რესურსებს და პუტინმა ჩათვალა, რომ ახლა კიდევ უფრო პრორუსული კანცლერი მოვიდა. არც საფრანგეთის პრეზიდენტს აღიქვამს სერიოზულად. ამას ემატება კოვიდი და იფიქრა, რომ ეს სიტუაცია მისთვის ყველა თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა.
ეს იყო ძალიან დიდი ჩავარდანა რუსული დაზვერვისა. დარწმუნებული იყო, რომ უკრაინელი ხალხი, რომელიც „რუსია“, სულ ყვავილებითა და პურ-მარილით დახვდებოდა რუსეთს, ანუ წინაააღმდეგობა არ იქნებოდა და ორ დღეში ამ ყველაფერს დაამთავრებდა.
აი, როცა ეს არ გამართლდა, ამას მოჰყვა მისი გაბოროტებაც და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაც. არ ელოდა არც დასავლეთის მხრიდან ასეთ შეკავშირებას და წინააღმდეგობას, არც უკრაინის მხრიდან ასეთ წინააღმდეგობას და არ ელოდა, რომ რუსეთის არმია ასეთი სუსტი და უუნარო იქნებოდა. მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა არ აქვს.
ასეთ პოზიციას ჭადრაკში ცუგცვანგი ჰქვია, როცა ყველა სვლა წამგებიანია. ვერ გამოვა ომიდან, თუ რაღაც ისეთი შედეგი არ მიიღო, რომელიც მას ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. გამარჯვება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც საშინელება არ გააკეთა და ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ გამოიყენა, რასაც, სხვათაშორის, მე პირადად, არ გამოვრიცხავ. ასეთი ადამიანები, როცა ხედავენ, რომ გამოსავალი აღარ აქვთ, თავის თავსაც ღუპავენ, თავის ქვეყანასაც და მოწინააღმდეგესაც.
ჩვენ ახლა ვართ მოწმე სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა, ტრანზიციისა და ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებისა. მსოფლიო აღარასდროს არ იქნება ისეთი, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო და რომელსაც ცივი ომის შემდგომ მსოფლიოს ვუწოდებდით.
ახლა მეორე ცივი ომი დაიწყო, სადაც რუსეთი პრაქტიკულად მარტოა. მას აშკარა მოკავშირე არ ჰყავს, არ ვთვლი ბელარუსს, რადგან საუბარია დიდ ძალებზე. აი, ის ომს აუცილებლად წააგებს და ჩამოყალიბდება სრულიად ახალი ძალთა განაწილება. მთავარია რის ფასად? რა მსხვერპლის ფასად?
თუ დასავლეთმა სიმტკიცე გამოიჩინა და იქამდე მიიყვანა რუსეთი, რომ ის იძულებული იქნება დათანხმდეს კაპიტულაციას, იმ პირობით, რომ საერთოდ შეეშვება უკრაინას, ყველა მოკავშირე ყოფილ რესპუბლიკას გაჰყავს თავისი სამხედრო ბაზები და არ აქვს უფლება — ისინი რუსეთის გარდა სადმე განალაგოს. უკან მიაქვს სეპარატისტული რეგიონების აღიარებებიც. ამ შემთხვევაში ის მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ ჩამოქვეითდება. აი, ამის გაკეთება შეიძლება ახლა. მთავარია დასავლეთს ძალა ეყოს და შუა გზაზე არ გაჩერდეს, რადგან, ადრე თუ გვიან, რუსეთი, როგორც ატომური არსენალის მქონე დიდი სახელმწიფო, მათთვის იქცევა საფრთხედ. დროში და შესაძლებლობებში პუტინი ნამდვილად შეცდა, ამიტომ მისი მხრიდან ეს გათვლა სწორი არ იყო.