გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: „წინასიტყვაობა“, „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ და „სამხრეთ კავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე“.
საუკუნეებია, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია არაერთი საფრთხე. შესაბამისად, როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, საქართველოს, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნებთან შედარებით, განათლებაზე ზრუნვა გაასმაგებულად სჭირდება. სწორედ განათლება უნდა აქციო იმ დიპლომატიად, რომელმაც ჯერ სიცოცხლისუნარიანობა უნდა შეგმატოს და მერე განვითარების სურვილი. ამ პროცესების მთავარი თანამონაწილის – უნივერსიტეტის ახალ მისიაზე და წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – საგულისხმო აქცენტებზე გვესაუბრება იდეის ავტორი ზურაბ ხონელიძე.
დრო გვკლავს ჩვენ
უნივერსიტეტის იდეა შუა საუკუნეებში დაიბადა. ის, როგორც უნივერსალური მოდელი, როგორც საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სამჭედლო და ყველა დროში პროგრესისა და ცივილიზაციის სინონიმი, თავის თავში მოიცავდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: თავისუფლება, სეკულარიზაცია, დემოკრატია, ტოლერანტობა და ა.შ. მათ გარშემო მოხდა ევროპული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირება. საფუძველი ჩაეყარა ახალი ევროპის შექმნას; საზოგადოების კარდინალურ ტრანსფორმაციას და ჰუმანიზაციას, მაგრამ, თუ ასეთი უნივერსალური მოდელი არსებობს, მაშინ რატომ არის ევროპასა და მსოფლიოში ამდენი პრობლემა? პასუხი ორგვაროვანი შეიძლება იყოს. პირველი, რომ, ჩვენი წარმოდგენა უნივერსიტეტზე გადაჭარბებულია ან მეორე – უნივერსიტეტი ვერ პასუხობს დროის მოთხოვნებს და ჩამორჩა დროს. მე ვიზიარებ მეორე მოსაზრებას. რა არის დრო? დრო არის ცვლილების პროდუქტი, მას ვერ ვხედავთ, მხოლოდ შეგვიძლია შევიგრძნოთ, ვხვდებით, რომ გადის, მაგრამ ვერ აღვიქვამთ, დრო არ მიდის, დრო მოდის. ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს, განცდა – დროს ვკლავთ?! – არასწორია. დრო ყველაზე დაუნდობელია და თავად გვკლავს ჩვენ. გასაგებია, რომ ვცხოვრობთ რთულ დროში, მაგრამ ვერ გავიაზრეთ, რომ რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ინსტიტუციებს, რომლებსაც მოჰყავთ კარგი დრო.
უნივერსიტეტმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა რომ დაასაბუთოს, აუცილებელია შეიქმნას ახალი საუნივერსიტეტო პარადიგმა
კლასიკური საგანმანათლებლო მოდელის – უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნით ილია ჭავჭავაძესა და მის მეგობრებს. მაგრამ, მათ ამ იდეის რეალიზაცია ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. როგორც კი გარდამავალი პერიოდი, ანუ შესაბამისი დრო დადგა, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს იდეის რეალიზაცია. ფაქტია, რომ განათლების ნებისმიერი მოდელი იშვა კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში. საქართველოში ჩვენი პირველი უნივერსიტეტის პარადიგმა ეფუძნებოდა საქართველოს კულტურისა და სამართლის ისტორიას, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა უმთავრეს მიზანს, საქართველოს მარადიულ იდეას – თავისუფლებას და მოგვევლინა როგორც იდეის რეალიზაციისთვის პლაცდარმი და თავისუფლების მედროშე.
დღეს რა იდეა აქვს ქართულ უნივერსიტეტს? რა ამოცანას უნდა ემსახუროს ის? ასეთი ამოცანა უნივერსიტეტს არ აქვს. ამდენად, საჭიროა არსის შეცვლა. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს თავისი მისია: უნივერსიტეტმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა რომ დაასაბუთოს, აუცილებელია შეიქმნას ახალი საუნივერსიტეტო პარადიგმა. უნივერსიტეტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და თეორიული. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი პრაქტიკისაკენ. ეს უნდა იყოს ერთიანობაში თეორია და პრაქტიკა. ის, რომ უნივერსიტეტს აქვს განვითარების, რეფორმის, მოდერნიზაციის, განახლების საშუალება, ეს არ არის საკმარისი. დღეს ცხოვრება უნივერსიტეტისაგან ახალი მეცნიერების დაბადებას მოითხოვს. არის მისია, მას მორგებულია ფუნქცია, ფუნქციას მორგებულია მიზანი და მიზანს მორგებულია საშუალება. რა არის დღეს ყველაზე დიდი, ზოგადსაკაცობრიო პრობლემა? ეს არის ის, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის მშვიდობა!
პოლიტიკური ველი საუნივერსიტეტო ველით უნდა შეივსოს
აუცილებელია პოლიტიკური ველი საუნივერსიტეტო ველით შეივსოს. ავიღოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი. რას აკეთებს უნივერსიტეტი სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში? 1988-1989 წლებში სოხუმში ურთიერთობა დაიძაბა. ეს არ იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი, ეს იყო კონფლიქტი საქართველოში მის ერთ-ერთ ავტონომიურ ერთეულში, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ნაწილსა და იქ მცხოვრები აფხაზი მოსახლეობის ნაწილს შორის. მაგრამ რას აკეთებს უნივერსიტეტი, რომელიც ქართულ-აფხაზური უნივერსიტეტია? სოხუმის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ მეოთხედზე მეტი აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ადმინისტრაცია ქართველები იყვნენ. უნივერსიტეტი გაიხლიჩა. უნივერსიტეტმა კი არ გადადგა ნაბიჯი, გადაადგმევინეს იმ ძალებმა, რომლებმაც განიზრახეს ის, რა შედეგიც დადგა. გაიყო ყველა ცოცხალი ქართულ-აფხაზური ორგანიზმი – მწერალთა კავშირი, მხატვართა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი, თეატრი, სოხუმის „დინამოც“ კი. 9 აპრილის თემა საიდან მოდის? აფხაზეთის პრობლემიდან მოდის. დღეს რა გვაქვს? დღეს გვაქვს ის, რომ ერთიანი ქართული სივრცეც დანაწევრებულია. არ არის აფხაზეთი ცალკე? – არის! ე.წ. „სამხერი ოსეთი“? – არის!
სახელმწიფო არის სივრცითი განზომილება. სივრცეს, ისე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, აქვს თვისება – იბადება, იზრდება და კვდება. დღეს, საუბედუროდ, ქართული სივრცე ჩვენთვის, ქართველებისთვის, კვდომისკენაა მიდრეკილი. რატომ? იმიტომ, რომ სივრცეს კიდევ ერთი თვისება აქვს – სიცარიელეს ვერ იტანს. ჩვენ ხომ ვერ გავხდით ჩვენი სივრცის პატრონი?! მას სხვა პატრონი უჩნდება და მოდის და მოდის. სივრცე კი არ კვდება, სივრცეში კვდება აბორიგენი. აი, მაგალითად, აფხაზეთში აფხაზები და ქართველები უმცირესობაში არიან. მაგრამ ეს აფხაზისთვის უფრო დიდი ტრაგედიაა. აფხაზი გაქრება. მას სხვა სამშობლო არ აქვს. მე უნივერსიტეტში სწორედ ამიტომ მოვედი. როცა ქვეყანა გაყოფილია, რეფორმაზე არ კეთდება აქცენტი. უპირველესი ამოცანა მისი ერთიანობის აღდგენა უნდა იყოს, მით უფრო, როცა მხოლოდ ტერიტორია არაა გაყოფილი. გაყოფილია ჩვენი აზროვნება, ცნობიერება; ყველაფერი დამახინჯებულია. ერთიანობის აღდგენაა მთავარი და ამისი ხელის შემშლელი არის კონფლიქტი. აი, რატომ ვამბობ, რომ პოლიტიკური ველი საუნივერსიტეტო ველით უნდა შეივსოს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბედისწერამ, საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, მშვიდობის სწავლების უნივერსალური მოდელისა და სამშვიდობო პროცესების საუნივერსიტეტო ცენტრად გარდაქმნის ისტორიული პასუხისმგებლობა დააკისრა. თუმცა, ამ მისიის განსახორციელებლად მარტო დეკლარირება არ კმარა. არ მინდა, რომ წარსული გამოცდილების მსგავსად კონფლიქტში შევიდეს უნივერსიტეტი. დღეს სამყარო სხვანაირად ცხოვრობს, სხვა პრინციპებია. ჩვენ მიმზიდველობა კი არა, ჩვენი საჭიროება უნდა გავაჩინოთ! ქვეყანა არ არსებობს, სადაც კონფლიქტი არ არის. არ არის საშუალება კონფლიქტის დარეგულირების? – არის! დაფარულია გზა? – არ არის დაფარული! ჩვენ ვართ დაფარული და ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გზას.
კონფლიქტის მოგვარების ორი გზა არსებობს – მშვიდობიანი და ძალისმიერი. ჩვენ უპირობოდ ვირჩევთ მშვიდობას და ეს გზა განათლებაზე გადის. მისი უმაღლესი მწვერვალი კი მეცნიერებაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ის ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან და ყველა კითხვაზე შედარებით ობიექტურ პასუხს გაგვცემს. მშვიდობა, განათლება და კიდევ ერთი – ახალგაზრდობა, საზოგადოების ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილი. ეს სამი კომპონენტი ერთადაა თავმოყრილი უნივერსიტეტში.
ახალი ხედვა – საუნივერსიტეტო დიპლომატია
თითოეული ადამიანი თავისუფალია მხოლოდ აზროვნებაში და არა გამოხატვის ფორმაში, არა მოქმედებაში. იდეოლოგია, რომელსაც ხელისუფალი ქმნის, ემსახურება არა კონფლიქტის დარეგულირებას, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებასა და გახანგრძლივებას. წარმოუდგენელია, ებრძოდე კონფლიქტის შედეგს. კერა უნდა მოიძებნოს. იქ უნდა ვეძებოთ მიზეზი და ის მოვაგვაროთ. ამით კი შედეგიც გამოსწორდება. ამისთვის აუცილებელია თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტს აქვს. უნივერსიტეტის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა კონსტიტუციური ნორმაა. აკადემიურ თავისუფლებაზე მაღალი ხარისხი არ არსებობს. თავისუფლებას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა იგი შენი შემოქმედებითი აზროვნების საფუძველია. ისეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემაც კი, როგორიცაა თაობათა შორის დაპირისპირება, ესეც უნივერსიტეტშია სახიერად. სტუდენტი და პროფესორი შედეგზე ორიენტირებულები არიან. აქვე ერთიანდება ტრადიციული ცოდნა და თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას არ აქვს რესურსი. აქვს განვითარების, განახლების შესაძლებლობა, მაგრამ ვერ ერევა კონფლიქტს, ვერ შობს ახალ სიცოცხლეს.
ამიტომ მე დავიწყე მოძიება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უნივერსიტეტის პარტნიორი ახალი სიცოცხლის შექმნის გზაზე. ასეთად მივიჩნიე დიპლომატია. თუკი ნებისმიერი კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი ურთიერთობებშია, დიპლომატია ურთიერთობების ხელოვნება და მოლაპარაკების მეცნიერებაა. აქვე ჩნდება კითხვა: თუ დიპლომატიის სახით ასეთი უნივერსალური მოდელი არსებობს, რატომ არის ამდენი კონფლიქტი? იმიტომ, რომ არც დიპლომატია აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, არც ისაა დროის ადექვატური. თუმცა, დიპლომატიასაც აქვს განვითარების და განახლების შესაძლებლობა. კონფლიქტის მოგვარების რეალური რესურსი დიპლომატიისა და უნივერსიტეტის კვეთაზე უნდა ვიპოვოთ და არა მათ სიღრმეში.
პრობლემის ამ რაკურსით ხედვამ საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ახალი ფორმა შემაქმნევინა – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელშიც სამეტყველო ენა და სააზროვნო ველი აკადემიური და დიპლომატიურია. აქ თითოეული მათგანი თავისუფალია არა მხოლოდ აზროვნებაში, არამედ – გამოხატვის ფორმასა და მოქმედებაში. ეს კი იმისთვის გვჭირდება, რომ კონფლიქტის წარმოშობის რეალური მიზეზი დავადგინოთ და ერთად შევქმნათ ერთიანი სამოქმედო გეგმა, პროგრამა.
ჩემი დიდი სურვილია მოქმედ ხელისუფლებას და ე.წ. პოლიტიკურ ელიტას დავეხმარო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ სარგებელზეა ორიენტირებული. მინდა დავეხმარო საზოგადოების გონიერ, განათლებულ, ცოდნაზე ორიენტირებულ ნაწილს და შევახსენო – რას ნიშნავს სამშობლო. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია გაუცნობიერებლად შევეწიროთ სამშობლოს, სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოს შექმნა ხომ მაინც ვერ შევძელით?
თამაზ ჭილაძემ ინტერვიუს ჩაწერისას ერთხელ აღნიშნა, მექსიკელები მღერიან: რა უბედურები ვართ, ღმერთისგან შორს და ამერიკასთან ახლოს გავჩნდითო. ჩვენ სად გავჩნდით, ქართველები?
ჩვენ იდეალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რესურსი გვაქვს, მაგრამ რესურსი არ არის მთავარი. მთავარია მისი გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს – რაში მდგომარეობს ჩვენი მისია.
თუ გავიაზრებთ პოლიტიკური თამაშის წესებს, გავიაზრებთ ხვალინდელი სამყაროს კონტურებს; თუ გავიაზრებთ იმ ტენდენციებს – რა მოაქვს გლობალიზაციას, მივხვდებით, რომ რეგიონალიზაციაშია ხსნა. შენ გაქვს შენი სივრცე და ვერ შექმენი მოედანი. ქართულ სივრცეში სხვათა ინტერესები არასოდეს დაემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ სივრცე უნდა გააფართოვო და ყველა თანამონაწილედ აქციო მათივე ინტერესიდან გამომდინარე. მერე უკვე ისინი თავად შექმნიან ამ სივრცეში მოედანს, სადაც საქართველო ძირითადი მოთამაშე იქნება. ასეთი სივრცე დედამიწაზე ერთადერთია, რომელიც შეიძლება ახალ სამშვიდობო სივრცედ იქცეს და ეს არის სამხრეთ კავკასია.
სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უპირატესობა განუზომლად დიდია. ამ არეალში საქართველო გეოპოლიტიკის ღერძია. სამხრეთ კავკასია პრაქტიკულად არასოდეს დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, მაგრამ, ისტორიული, ასევე, მორალური თვალსაზრისით, მათგან ერთადერთს – საქართველოს შესწევს უნარი შეცვალოს საკუთარი, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ბედი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახალი – ერთიანი რეგიონული მოდელის შექმნაში და ამ გზაზე დანარჩენებიც თანამონაწილენი გახადოს. სამხრეთ კავკასიის არასტაბილურობა შიდარეგიონული ჩრდილოეთ კავკასიის პირდაპირი და ევროპის ფარული საფრთხეა. აუცილებელია ვიფიქროთ იმ მშვიდობიანი და მსგავსი ინტეგრაციული პროცესების შესაძლებლობებზე, რომლისკენაც ევროპა მრავალი ათეული წელია მიდის. საქართველოს უპირატესობა მისთვის საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა, პასიური ლიდერის პოლიტიკამ და მისგან საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივების გაუჟღერებლობამ კი შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კავკასიაში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მიმდინარეობის შემაკავშირებელი ფუნქცია, უნიკალური გეოპოლიტიკური სტატუსი და იგი მხოლოდ გეოპოლიტიკურ დანამატად აქციოს. უახლოეს პერსპექტივაში, საერთო ბაზრის გათვალისწინების, სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრის აღდგენისა და კონკრეტული ტრანსნაციონალური პროექტების რეალიზაციის შედეგად, სამხრეთ კავკასია გადაიქცევა საერთაშორისო კაპიტალის ფორმირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ სივრცედ და რეგიონის შესაძლებლობები მინიმუმ ათჯერ მაინც გაიზრდება. ახალი სამეზობლო პოლიტიკის სამშვიდობო პლატფორმით უნდა ჩამოვაყალიბოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა – ეროვნული და გარე – კოლექტიური უსაფრთხოების, თავდაცვის ერთიანი რეგიონული სისტემა. ამიტომ, გავიაზროთ ჩვენი შესაძლებლობები და შევქმნათ სახელმწიფო. ყველა საშუალება არსებობს საამისოდ – ცივილიზაციისგან დაგროვებული ცოდნა იქნება თუ ჩვენი გეოპოლიტიკური უპირატესობა. ეს ღრმად უნდა გავიაზროთ და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც აქედან უნდა გამოვიყვანოთ. ამდენად, აქედან გამომდინარე, შემიძლია თქვენს კითხვაზე ასეთი შემაჯამებელი პასუხი მოგცეთ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ – ქართველები და საქართველო, ჩვენი სამშობლო – ძალიან კარგ ადგილას გავჩნდით, ვვითარდებით და ვცხოვრობთ.
ინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი ეკა ტალახაძე